კანონიკური ქურდები

მეუფე სერაფიმე: რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთში

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ლიდერთან, 19 მარტს, სოჭში გამართული შეხვედრის შესახებ მეუფე სერაფიმე ჯოჯუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვინაიდან 20 წლის განმავლობაში ქართველი სასულიერო პირი პირველად შეხვდა აფხაზეთის ოკუპირებული რეჟიმის პირველ პირს, ეს ფაქტი „უკვე დადებითი მოვლენაა“. სერაფიმე ჯოჯუას განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს შეხვედრის გამართვა სოხუმში სურდა, თუმცა აფხაზებმა ამაზე უარი განაცხადეს.

„ფაქტია, რომ პირველად, სოჭში, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველ პირს. ამ შეხვედრას ორი აფხაზი მეცნიერი- დამენია და ღვინჯილია, ასევე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტოპოლიტი ილარიონი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილული იყო ჩვენი სამომავლო და დღევანდელი ეკლესიური ურთიერთობების საკითხები. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველმა პირმა, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, რომ აფხაზი ხალხი ისწრაფვის დამოუკიდებლობისთვის, რომ ის მადლობელია რუსეთის სახელმწიფოსი, რომელმაც აფხაზეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ასევე ისწრაფვის, რომ ეკლესიურადაც მოიპოვონ დამოუკიდებლობა. ამაზე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ილარიონმა, უთხრა, რომ კანონიკურ ჩარჩოებში უნდა იყოს ნებისმიერი მცდელობა, რომ ყველაფერი ეკლესიურ კანონმდებლობას უნდა ექვემდებარებოდეს" - განაცხადა მიტროპოლიტმა სერაფიმემ.

"ანქვაბმა თქვა - პატივს ვცემთ ქართველ ხალხს, თქვა, რომ უსურვებს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს მშვიდობას, მაგრამ ჩვენ, აფხაზი ხალხი ვდგავართ დამოუკიდებელ გზაზეო", - აცხადებს მეუფე სერაფიმე.

სერაფიმე ჯოჯუას განცხადებით, შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს სურვილით გაიმართა, თუმცა ის საგანგებოდ აღნიშნავს რუსეთის საპატრიარქოს როლს შეხვედრის ორგანიზებაში.  

"დაფიქსირდა, რომ რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ აფხაზური მხარის პოზიცია იყო, რომ მათი დაბრუნება ქართული სახელმწიფოს წიაღში და ქართული ეკლესიის წიაღში შეუძლებელია", - განაცხადა მეუფე სერაფიმემ.

ამავე თემაზე: უწმინდესი, უწმინდესი და უნეტარესი, ყოვლადუწმინდესი

 

 

 

კომენტარები