რაბათის ციხე

ოდიშარია შეისწავლის რა საკითხებზე ისაუბრა სააკაშვილმა ახმედიეს მეჩეთზე თურქეთში

საქართველოს კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას განცხადებით, ის დაინტერესდება რა საკითხებზე ჰქონდა პრეზიდენტს თურქეთში საუბარი და რა შეთანხმებას მიაღწია მან პრემიერ ერდოღანთან.

"მე ვიცი, რომ პრეზიდენტი თურქეთში იმყოფება. შევსწავლით, სხვა რა საკითხებზე ისაუბრა პრეზიდენტმა, რადგან არა მგონია, მხოლოდ რაბათის გუმბათის ფერზე იყო საუბარი. ალბათ, სხვა საკითხებიც იყო. რაბათის გუმბათთან დაკავშირებით კომპლექსური პრობლემაა. იქ არის ცხაურები და სხვა ბევრი რამ, რაზედაც გუშინ გვქონდა მსჯელობა", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.

მინისტრის თქმით საბოლოო გადაწყვეტილება რაბათის შესახებ, სპეციალისტების მისაღებია, რომელთაც კულტურის სამინისტრომ სასაუბრო სივრცე მისცა.

"კულტურის სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები არ არის, მაგრამ ჩვენ შევქმენით ფონი და სივრცე, სადაც იკრიბებიან სპეციალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და საუბრობენ საჭირბოროტო საკითხებზე. ბოლო დროს მნიშვნელოვანი საკითხია რაბათის კომპლექსის თემა. გუშინ მოვიწვიეთ სპეციალისტები და საინტერესოდ წარიმართა საუბარი", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.

საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის დღეს პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალური facebook გვერდის ცნობით, 3 საათს, დაგეგმილზე ორჯერ დიდხანს გაგრძელდა. მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეფ თაოფ ერდოღანმა ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის თემაზეც ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ეკლესიებში ქართველ სპეციალისტებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაუშვებენ, რათა მათ სრული აღწერა და აღდგენითი სამუშაოების სათანადოდ მომზადება შეძლონ.

პრეზიდენტის facebook გვერდის ცნობით, საუბარი ასევე რაბათის ციხის საკითხს შეეხო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რაბათის ციხეში მდგარი ახმედიეს მეჩეთის გუმბათი არ შეიცვლება, ხოლო ყველა სხვა საკითხი ურთიერთპატივისცემის პირობებში გადაწყდება. მათი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე თემაა და მხარეები თითოეულ ამ საკითხს სწორედ ამის სრული გათვალისწინებით განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს წიგნი „ახალი საქართველო (ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003-2012)“ დაათვალიერებინა, რომელშიც რაბათის ხედებიც არის შესული.

ერდოღანმა საქართველოს პირველ პირს სტამბულში დოლმაბაღჩას სასახლეში უმასპინძლა.

კომენტარები