საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

ძიუდოს ახალი დარბაზის მშენებლობას პრემიერი საკუთარი ფონდიდან დააფინანსებს

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთლიან შემადგენლობას, მწვრთნელებს და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებს, საკუთარ ბიზნესცენტრში უმასპინძლა. პრემიერმა სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული პირველი ადგილი მიულოცა და სპორტსმენებს ინდივიდუალურად ნაჩვენები კარგი შედეგის გამო მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასრულებისთანავე გაჟღერდა, რომ გამარჯვების აღსანიშნავად, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, თბილისში ძიუდოს სპორტის სასახლე აშენდება. დღის წესრიგში დიდი ხანი იდგა საკითხი, რომ ძიუდოისტებისთვის აშენებულიყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დარბაზი, რომელიც დღეს ქვეყანაში არ არის. როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა არენაში განაცხადა, დარბაზის მშენებლობა უკვე გადაწყვეტილია და მისი მშენებლობა არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი ფონდიდან დაფინანსდება. ნაკრების მწვრთნელის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ლევან ყიფიანს ჰქონდა დარბაზის აშენების გეგმა, მაგრამ მოცემულ ბიუჯეტში ასეთი რამ გათვალისწინებული არ ყოფილა.

"როდესაც პრემიერმა გვკითხა, თუ რა იყო ისეთი რამ, რაშიც შეეძლო დაგვხმარებოდა, ჩვენ ვუთხარით, რომ კარგი იქნებოდა გვქონოდა ისეთი არენა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატს ვუმასპინძლებდით. მან ჩვენი სურვილი გულთან ახლოს მიიტანა და გასცა ბრძანება, რომ ხვალიდანვე დაიწყოს ამ საკითხზე ზრუნვა. მოხდება წამყვანი არქიტექტორების დაქირავება და აშენდება დარბაზი, რომელიც დაახლოებით ათი ათას ადამიანს დაიტევს. პრემიერმა ცალსახად აღნიშნა, რომ დარბაზი იმ ბიჭების სახელზე აშენდება, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ არენის მშენებლობა  მისი პირადი ფონდიდან მოხდება" -განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

კომენტარები