საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: საქართველოს გარშემო ბინძური სტრატეგიული თამაში მიმდინარეობს

facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს გარშემო ბინძური სტრატეგიული თამაში მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის მშენებობა შეფერხდა, აფხაზეთის გავლით რკინიგზა კი იხსნება. სააკაშვილის თქმით, ეს საქართველოს ევროპისკენ სვლას ხელს შეუშლის. განცხადება პრეზიდენტმა ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობის მონახულების შემდეგ გააკეთა.

"ამ რკინიგზის შეფერხება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგეთ ავღანური ტვირთები, რომელიც მოდის მომავალი წლიდან და რომელიც იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის, რომ საქართველოს ჰქონოდა ეკონომიკური ზრდა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ამ რკინიგზას ზოგადად ექმნება პრობლემა, რადგან როდესაც ასე ინტენსიურად ვლაპარაკობთ, რომ აფხაზეთზე გამავალი რუსეთ-საქართველოს რკინიგზა უნდა გავხსნათ, პრაქტიკულად ეს არის დროის წინააღმდეგ მუშაობა. რუსეთს აწყობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა შეფერხდეს, სამაგიეროდ კი, გახსნას აფხაზეთის მონაკვეთი ჩვენი რკინიგზის და, პრაქტიკულად, პლაცდარმი გაიკეთოს კავკასიაში, იმის მაგივრად, რომ საქართველომ გაიხსნას გზა ევროპაში. ეს არის ძალიან სტრატეგიული, ბინძური თამაში საქართველოს გარშემო. არ მინდა, საქართველოს მთავრობამ ეს თამაშები ითამაშოს. ჩვენ პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი გვქონდა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ძალიან დიდი ეკონომიკური პროექტი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გაუმართავდა ხელს, აქაურობას საერთოდ "ბუმის" პირობებში გადაიყვანდა და საქართველოს გაუხსნიდა გზას ევროპაში. ამ თამაშებით მე არ მინდა, რომ ეს ფანჯარა მოიკეტოს. მე ვნახე, რომ დღეს იქ ხალხი ცდილობს და მუშაობს, მაგრამ მეათედი მასშტაბიც არ არის იმისთვის, რომ ეს დროზე დამთავრებულიყო. სამწუხაროდ, წელს ეს უკვე აღარ მოესწრება. მოვუწოდებ მთავრობას, განსაკუთრებული ზომები მიიღოს იმისთვის, რომ იქნებ მომავალი წლის ბოლომდე მაინც მოასწრონ მისი დასრულება", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები