ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის ადვოკატები: მოსამართლემ კანონი დაარღვია

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ შეუფარდა. დაცვის მხარე მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი (იხ. დანართი 1, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი 505/651-03). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად (საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 23, პუნქტები 1, 2, 3 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 207, პუნქტი 4 იხ. დანართი 2 და 3) აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს. აქედან გამომდინარე, მას არ ჰქონდა უფლება, განეხილა აღკვეთის ღონისძიება, შესაბამისად მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი" - აცხადებენ ადვოკატები და აღნიშნავენ, რომ მერაბიშვილის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

"დაცვის მხარე გაასაჩივრებს ამ დარღვევას სხვა დარღვევებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში. დარღვევა იმდენად არსებითია, რომ დაცვის მხარე ამ სარჩელს აუცილებლად მოიგებს. თუ საქართველოს მთავრობას სურს თავიდან აირიდოს საერთაშორისო სკანდალი, მან უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მერაბიშვილის მიმართ აღკვეთიზ ღონისძიების გაუქმება. დაცვის მხარე ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოახდინოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა და დაიწყოს მის მიმართ დისციპლინური დევნა. დაცვის მხარე ასევე მოითხოვს აცილება მიეცეს ყველა იმ სასამართლოს, რომლის განაჩენიც აპელაციის შემთხვევაში უნდა გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან ამ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უკვე გამოტანილი აქვს უკანონო გადაწყვეტილება და არსებობს ეჭვი, რომ იგი არის პროკურატურის კონტროლის ქვეშ. კითხვებს ბადებს ისიც, რომ ივანე მერაბიშვილთან დაკავშირებული ყველა შუამდგომლობა მათ შორის, აღკვეთის ღონისძიება, ყადაღის დადება და შემდეგ მოხსნა, პროკურატურის შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომების ვადის გაგრძელება, ადვოკატის შუამდგომლობით ვადის გაგრძელებაზე უარი, განიხილა ერთმა მოსამართლემ დავით ახალბედაშვილმა, რაც ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას. ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აშკარაა, რატომ ითხოვს პროკურატურა დაჟინებით საქმის განხილვას ქუთაისში, მაშინ როდესაც პროკურატურისავე მტკიცებით, ერთი დანაშაული ჩადენილია თბილისში, ხოლო მეორე ბათუმში. საქმის ქუთაისში განხილვა ასევე ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას და ასევე მეტყველებს სუბიექტურ მიდგომაზე" - აღნიშნავენ მერაბიშვილის ადვოკატები სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ყოფილი პრემიერის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. 

 

კომენტარები