მედია

2013 წელს 66 ჟურნალისტი მოკლეს, 189 დააპატიმრეს

http://www.cartoonmovement.com/

ჟურნალისტების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს ინფორმაციით, 2013 წლის 8 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში მოკლულია 66 ჟურნალისტი, 4 მედია ასისტენტი, 34 სამოქალაქო ჟურნალისტი და ინტერნეტ აქტივისტი. გარდა ამისა, 11 თვეში თავისი საქმიანობის გამო დაპატიმრებულია 189 ჟურნალისტი, 13 მედია ასისტენტი და 165 ინტერნეტ აქტივისტი. 

ჟურნალისტებისთვის ყველაზე სისხლიანი სირიის კონფლიქტის გაშუქება აღმოჩნდა. 8 დეკემბრამდე აქ მოკლულია 10 ჟურნალისტი, მათ შორის, Al Jazeera-ს, Al-Arabiya-ს, Syrian State TV-სა და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები. 

7-7 ჟურნალისტი მოკლეს სომალიში, ფილიპინებში, პაკისტანსა და ინდოეთში. მოკლული ჟურნალისტების უმრავლესობა მუშაობდა კორუფციისა და სხვადასხვა სახის კონფლიქტების გაშუქებაზე.

6 ჟურნალისტი ემსხვერპლა ეგვიპტეში სამხედრო გადატრიალების გაშუქებას. მოკლულთა შორისაა ბრიტანული Sky News-ის ოპერატორი.

5-5 ჟურნალისტია მოკლული ბრაზილიასა და ერაყში. ჟურნალიტსები საკუთარ საქმეს ასევე ემსხვერპლნენ ჰონდურასში, კოლუმბიაში, ლიბიაში, მალიში, მექსიკაში, პარაგვაისა და რუსეთში.

რუსეთში 2013 წლის 9 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს დაღესტანში გამომავალი გაზეთ Novoe Delo-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე ახმედნაბი ახმედნაბიევი. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილ ჟურნალისტს, ის მიხაილ ბეკეტოვია, რომელსაც ჟურნალისტური საქმიანობის გამო 2008 წელს თავს დაესხნენ. თავზე მიყენებული დაზიანებები მისი გარდაცვალების მიზეზი 2013 წლის გაზახულზე გახდა.

მოკლული 34 ინტერნეტ აქტივსტიდან, 33 სირიის კონფლიქტისას დაიღუპა 2013 წლის 11 თვეში, 1 კი - ბანგლადეშში.

სირია, თურქეთი, ირანი, უზბეკეთი, ვიეტნამი - ეს არის იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტი და ინტერნეტ აქტივისტი დააპატიმრეს 8 დეკემბრამდე. დაპატიმრებულთა საერთო რაოდენობა 367-ს აღწევს.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს სტატისტიკაში მხოლოდ იმ ჟურნალისტებისა და ინტერნეტ აქტივისტების შესახებაა ინფორმაცია მოცემული, რომელთა შესახებ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ისინი პროფესიული საქმიანობისთვის დააკავეს, ან დააპატიმრეს.

კომენტარები