თავშესაფარი მიუსაფართათვის

ჯანდაცვის სამინისტრო: თავშესაფრის მობინადრე ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაიცვალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 23:00-ზე, ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაიცვალა თბილისში გახსნილი დროებითი თავშესაფრის მობინადრე - საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლდამოკიდებული იყო და ყავარჯნებით გადაადგილდებოდა. 

"როგორც შემდეგ გაირკვა, ის ღობეზე გადაიპარა საკვების მოტანის მიზნით. გარდაცვლილის ხელში იპოვეს ალკოჰოლური სასმელი და ტკბილეული", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ დღეის მონაცემებით, დროებით თავშესაფარში იმყოფება 177 მობინადრე. ასევე, დაფიქსირებულია 11 მიმართვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიუსაფართა თავშესაფრის მობინადრეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო მედიკამენტებით, სამედიცინო კვლევებით და ანალიზებით. უწყების ცნობით, მიუსაფართა თავშესაფრის მობინადრეებმა ამ დრომდე 1677-ჯერ მიმართეს ექიმებს. მათ 28-ჯერ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და 52-ჯერ მიიღეს გეგმიური მომსახურება.

სამინისტროს განცხადებით, ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, ხოლო მედპუნქტი უზრუნველყოფილია სასწრაფო შემთხვევების სამართავი მედიკამენტოზური საშუალებებით და გეგმიური მომსახურებისთვის საჭირო მედიკამენტებით.

გუშინდელი მონაცემებით, თავშესაფარში იმყოფებოდა 173 მობინადრე, დაფიქსირდა 66 მიმართვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, აქედან, ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში მიუსაფართა თავშესაფართან დაკავშირებით, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი, მინისტრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. 

"შეხვედრის მიზანია დროებითი თავშესაფრების მართვის წესდების წარმოდგენა არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორისთვის", - აცხადებენ უწყებაში.

გუშინ, ომბუდსმენის წარმომადგენლებმა თბილისის მიუსაფართა თავშესაფრის შემოწმება დაიწყეს. ამის მიზეზი რეგიონებში მსგავს საცხოვრისებში შექმნილი მძიმე პირობები გახდა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ამბობენ, რომ საქართველოს მასშტაბით გახსნილ თავშესაფრებში ანტისანიტარიაა და ხშირად ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების ნივთებიც არ აქვთ. ბოლო დღეების მანძილზე, მიუსაფართა თავშესაფრებში ორი ადამიანი გარდაიცვალა. სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მოსკოვის პროსპექტზე მდებარე თავშესაფარში დამაკმაყოფილებელი პირობებია. ამასთან, მისი რეკომენდაციაა, უფრო გრძელვადიანი თავშესაფრები გაკეთდეს.

ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 დეკემბერს შექმნა და მას მიუსაფარი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა. დროებითი თავშესაფრები (კარვები) თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გაიხსნა.

კომენტარები