მუხროვანის ამბოხი

მერაბიშვილი: ჩემი დავალება ლიკვიდირებული რუსი მრჩევლების გვამების პოვნა იყო

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დავალება ამბოხებულთა მიერ ლიკვიდირებული რუსი მრჩევლების გვამების პოვნა იყო. 

”ჩვენი ინფორმაციით, აჯანყებაში მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი და კვალის დაფარვის მიზნით, შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ინტერპრეტირებას, რომ თურმე ეს არის მკვლელობის შეკვეთა, მინდა გითხრათ, რომ ამ განცხადებიდან, რომელიც თქვენ მოისმინეთ, ერთ საათში, სოფელ მუხროვანთან ჩვენი დანაყოფების მიერ დაკავებულ იქნა რამდენიმეკაციანი ე.წ. რეინჯერების ჯგუფი -  5-7 ადამიანი, თუ არ ვცდები. და არცერთი მათგანის წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი და არცერთი მათგანი არ დაჭრილა.

რაც შეეხება ამ თემის მიბმას 3 კვირის თავზე ჩატარებულ ოპერაციასთან გლდანში, ოთანაძის და მისი ჯგუფის დაკავების შესახებ, ამის მიბმა არის ხელოვნური, უფრო მეტიც, ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის დროს. აქედან გამომდინარე, არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს. ყველა მასალა ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც პირველის, ასევე მეორე ოპერაციის, რომელთა ერთმანეთში გადაბმასაც პოლიტიკოსები ცდილობენ. მინდა, მოვუწოდო პროკურატურას, შესაბამის ორგანოებს, მიუკერძოებლად შეისწავლონ ეს საკითხი. მე ვარ ცამდე მართალი ამ საქმეში. მე ღმერთმა მარგუნა 2008 წლის ომის დროს, ასევე ამ აჯანყების დროს, ვყოფილიყავი ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი. ჩემს სიმტკიცეზე დიდად იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და გადარჩენა. მე არასდროს გამიცია ბრძანება არცერთი ადამიანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. 

როცა დააკავეს ოთანაძე, მაშინ დაიჭრა ოთანაძე და ამირიძეც, მინდა გითხრათ, რომ მე ვთხოვე ჩემს მეგობარ გივი თარგამაძეს, დაერეკა საავადმყოფოში და ეთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ ამ ადამიანებისთვის. არა მარტო იმიტომ, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, არამედ იმიტომ, რომ  ესენი იყვნენ მატარებელი ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის, თუ როგორ დაგეგმეს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში აჯანყება", - თქვა მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე.

ცნობისთვის, გუშინ Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

კომენტარები