უკანონო მოსმენები

პრემიერი: რუსთავი 2-ს იმპროვიზაციის უნარი აქვს და ინიციატივას იჩენს

"რუსთავი 2-ს იმპროვიზაციის უნარი აქვს და ინიციატივას იჩენს", - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანიის დღევანდელი განცხადება, რომლითაც რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ ხელისუფლება ფარულ მიყურადება/თვალთვალში დაადანაშაულა.  

"თქვენ გჯერათ? მე მგონი, აქაც არის ფარული კამერები", - თქვა პრემიერმა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მიმართა.

"ეს ტელევიზია განსაკუთრებით აქტიურობს. ახალი იდეები გაქვთ, იმპროვიზაციის უნარი გაქვთ, ინიციატივებს იჩენთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო რედისონში, თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულთან შეხვედრამდე.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა რუსთავის 2-ის თანამშრომლებს მიმართავს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები