რუსეთი

რუსეთის აგრესიის და კოლაბორაციონიზმის საფრთხე

ირაკლი მარგველაშვილი
0 კომენტარი

ერთ-ერთი გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. ამ ფრაზის უკან იდგა ის იმპერიული პარადიგმა, რომელიც საუკუნეებია გასდევს რუსეთის სახელმწიფოს. ვერც ვლ. პუტინი იქნება გამონაკლისი. მისი მიზანი ახალი იმპერიის შექმნაა და ის ამ მიზნისკენ ძალიან გამიზნული ნაბიჯებით მიდის. სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას პუტინმა განაცხადა: „საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა, ჩემი აზრით და ჩემი რწმენით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ინტეგრაციული მოვლენაა". ამ პროცესების სრულყოფაში მოსაყვანად, აუცილებელი იყო, პუტინს არ დაეშვა NATO-ს შემოსვლა პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, რასაც დღემდე უდიდეს პრობლემად თვლის. პოსტსაბჭოთა სივრცეში NATO-ს შემოსვლის კიდევ ერთი მიმართულება საქართველო იყო. ამიტომ რუსეთმა პირველი გაბედული ნაბიჯი სწორედ 2008 წელს აგვისტოს ომით გადადგა და მისმა მცდელობამ, შეეჩერებინა საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია, შედეგი გამოიღო. დასავლეთმა მას სათანადოდ არ უპასუხა. პრაქტიკულად, დასავლეთთან ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში პუტინმა თავისი გაიტანა. დღეს მსოფლიო დგას ზღვარზე – დაბრუნდეს უკან, გავლენის სფეროების ეპოქაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, თუ გააგრძელოს ცხოვრება ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში.

ახალი ევრაზიული კავშირის შექმნა პუტინმა 2015 წელს დააანონსა. შესაბამისად, იგი ჩქარობს. ამისთვის რამდენიმე მიზეზი აქვს. ვიდრე ევროკავშირი საკუთარი ეკონომიკური პრობლემებითაა დაკავებული, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში, ერაყსა და ავღანეთში აქვს თავისი ვალდებულებები შესასრულებელი, ხოლო ჩინეთი შიდა ტრანსფორმაციაზეა ფოკუსირებული, პუტინს სურს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს თავს მოახვიოს ევრაზიული კავშირის იდეა. ეს იქნება იმის გარანტია, რომ რუსეთი კვლავ იქცევა რეგიონულ ცენტრად, ზესახელმწიფოდ, რომელმაც შესაძლოა ვერ დაიბრუნოს ის გავლენა, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა, მაგრამ იქნება ძალიან ანგარიშგასაწევი ძალა ევრაზიის კონტინენტზე, ევროკავშირთან და ჩინეთთან ერთად.

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, ყირიმის ანექსიამ, რომელიც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციას შეუერთა, აგრეთვე, ძალიან დაძაბულმა მდგომარეობამ აღმოსავლეთ უკრაინაში, საშიშროების ქვეშ დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველო, მოლდოვა და თავად ევროკავშირის უსაფრთხოებაც. 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ის საზღვარი, რომლის გადალახვამ ამ საკითხზე და დასავლეთის პასიურობამ, რუსეთს მისცა საშუალება, დღეს ანალოგიური ქმედება უკრაინაში განეხორციელებინა. საქართველოსთან 2008 წლის ომი ეს იყო რუსეთის რუბიკონი, რომელიც მან გადალახა და ჩადენილ ქმედებაზე პასუხი არ მოეთხოვა.

ამ ომის შემდეგ მან დაიწყო მზადება ახალი იმპერიის შესაქმნელად და სწორედ მაშინ გამოჩნდა ის ნიშნები, რომელიც დღეს უკრაინის მაგალითზე მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს არღვევს. რუსეთი მსოფლიოს აბრუნებს უკან და თავს ახვევს იმ სხვა მომავალს, სადაც შეიძლება არსებობდეს ისეთი ცივილიზაცია, რომ ერთმა საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა მეორე საერთაშორისო სამართლის სუბიექტის ტერიტორიების ანექსირება მოახდინოს და ისინი თავის სახელმწიფოს მიუერთოს. რუსეთი არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას. მაგალითად, მას საერთაშორისო შეთანხმებით პასუხისმგებლობა აქვს აღებული უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, მიუხედავად ამისა, მოახდინა ყირიმის ანექსია. რუსეთი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ მასთან არ შეიძლება არანაირი საერთაშორისო შეთანხმების დადება, რომ მათ არანაირი ძალა არ აქვთ და მხოლოდ ფარატინა ქაღალდებია. რუსეთის მცდელობა, მსოფლიოს თავს მოახვიოს საკუთარი „სამართალი", საფრთხეს უქმნის მთლიანად მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო მშვიდობას. მასში, რა თქმა უნდა, საქართველოც მოიაზრება, ვინაიდან ახალი იმპერიის არქიტექტურულ ნაწილში უკრაინას და საქართველოს განსაკუთრებული როლი ეკისრება.

საქართველოს და უკრაინის ინტეგრაციულ პროცესებს – ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ა.შ. – რუსეთი აღიქვამს, როგორც საკუთარი საზღვრების ხელყოფას. ის არ განიხილავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს თავისი საზღვრების მიღმა. მის იმპერიულ პარადიგმაში არსებობს იმ რუსეთის იმპერიის საზღვრები, რომელშიც შედის ბალტიისპირეთიც და პოლონეთიც. დღეს მსოფლიო უსაფრთხოება განიცდის იმავე ზეწოლას რუსეთისაგან, რასაც მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ფაშისტური გერმანიის იმპერიული ამბიციებისაგან განიცდიდა. რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვერ მოახერხა, თავის თავში მოეხდინა იმპერიის დეკონსტრუქცია. მისი აზროვნება დარჩა სწორედ იმავე მითოლოგიაში, რაშიც მას რუსეთის იმპერატორები მოიაზრებდნენ. ეს მითოლოგიური აზროვნება არის სწორედ საქართველოს საფრთხეც.

ის პრეცედენტი, რომელიც რუსეთმა უკრაინასთან მიმართებით გამოიყენა, ადვილად მოსალოდნელია საქართველოსთანაც გამოიყენოს. კერძოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილო ოსეთში ჩაატაროს რეფერენდუმი და ეს „ორი ოსეთი" რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეაერთოს ერთ ოსეთად. ამას დაარქმევს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და ოსი ერის საუკუნეობრივი ოცნების ასრულებას.

საქართველოს წინაშე მხოლოდ ეს საფრთხე არ დგას. საფრთხე კიდევ უფრო ძლიერდება, რაც უფრო მოახლოვდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყნის უსაფრთხოება მჭიდროდ იყოს დაკავშირებული მსოფლიო უსაფრთხოების სისტემასთან. საქართველო განხილული იყოს სწორედ იმ კონტექსტში, რომელშიც ამჟამად უკრაინის უსაფრთხოება განიხილება. მართალია, ჩვენს ხელისუფლებას შესაძლოა ახლაც ჰგონია, რომ რუსეთის იმპერიული ამბიცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ პუტინის გაღიზიანების შედეგად დაიბადა, მაგრამ უკრაინის მაგალითმა მთელ სკეპტიკურად განწყობილ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი წინ მოიწევს, მოქმედებს და არღვევს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას. მისთვის არსებობს მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები. საქართველოს ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რუსეთის პოლიტიკის მიმართ მისი ხელისუფლების ინფანტილურ დამოკიდებულებაშიცაა. შეიძლება ითქვას, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათი ხედვა არ გახდა უფრო ფართო. თუ ოპოზიციაში ყოფნისას, 2008 წლის ომს მაშინდელ ხელისუფლებას აბრალებდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ვერ გააცნობიერეს, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები სცილდება რაიმე სახის გაღიზიანება-არგაღიზიანებას. ეს ინტერესები დგას უფრო მაღლა, ვიდრე პოლიტიკოსების პირადი სუბიექტური დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ.

ანალოგიური დამოკიდებულებები რუსეთის მიმართ ჩვენს პოლიტიკოსებს 90-იან წლებში ჰქონდათ და დღეს, ვფიქრობთ, დროა, ქართული პოლიტიკა ამ ინფანტილიზმისგან გათავისუფლდეს. ეს ინფანტილიზმი არის სწორედ დამაბრკოლებელი, რომ საქართველო წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას, რომელიც აუცილებლად განხორციელდება – 2008 წლის აგვისტოს ომს რომ თავი დავანებოთ, სახეზეა უკრაინის დღევანდელი მაგალითი. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ამ წერილის გამოქვეყნების დროს შესაძლოა რუსეთის ინტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინაში შემდგარი ფაქტი იყოს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის ევრაზიის კავშირის შექმნის გზაზე დაბრკოლება არ არსებობს და ის უპირისპირდება მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს.

უკვე ყოველგვარი კონტექსტიდანაა ამოვარდნილი ქართული ხელისუფლების ე.წ. ურთიერთობების დალაგება რუსეთთან ახლა, როდესაც დასავლეთმა მისთვის სერიოზული სანქციების დაწესება დაიწყო, ევროსაბჭოში ხმის უფლებაც კი შეუჩერეს, დიდი რვიანიდან გარიცხეს... ამ დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები და ქმედებები ყოველგვარ კონტექსტს სცდება: შსს მინისტრი ალ. ჭიკაიძე თვლის, რომ „რუსეთიდან არანაირი საფრთხე არ იგრძნობა", საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს: „რუსეთის მხრიდან თითქოს არსებობს იმის მზაობა, რომ ე.წ. საზღვრებთან პროვოკაციები შეწყდეს" – მას პოზიტიური განწყობა ჟენევაში კარასინთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა. სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ როჯერსის განცხადება, რომ შეიმჩნევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე უახლესი ტექნიკის და ჯარების კონცენტრაცია, რომელიც შესაძლოა საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის შემოსვლით დაგვირგვინდეს და რუსეთმა სახმელეთო კავშირი დაამყაროს სომხეთსა და ირანთან. ამ ნაბიჯით იგი სრულიად გააკონტროლებს საქართველოს და პრაქტიკულად მოახდენს მის იზოლაციას. აღნიშნულ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლების სრული დუმილი, შსს მინისტრის ზემოთ მოყვანილი განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური განწყობა რუსეთის მიმართ, გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აცდენილია დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკურ დისკურსს, რითაც სწორედ ჩვენს უსაფრთხოებას აყენებს დარტყმის ქვეშ.

უნდა აღინიშნოს ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ძალიან არაგამჭვირვალე შეხვედრათა პროცესი. ვფიქრობთ, საზოგადოების ინტერესი უფრო მაღალი უნდა იყოს, რათა ეს პრივატული შეხვედრები არ იქცეს ერთგვარი კულუარული მოლაპარაკებების საშუალებად საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას შორის, რაც დააზიანებს საქართველოს ინტერესებს. ამის ფიქრის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ საქართველოში ბოლო დროს გახშირდა ევრაზიული კავშირის მომხრეთა ღია აქციები და გამოსვლები, რომლებზეც ქადაგებენ საქართველოს გაცხადებული ევროინტეგრაციული ინტერესების საწინააღმდეგო იდეოლოგიას, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი ამაზე არანაირად არ რეაგირებს – პირიქით, ეს კოლაბორაციონისტული ძალები აქციებსა და სხვადასხვა შეხვედრებს პოლიციის თანხლებით ატარებენ. საქართველოს კარგად ახსოვს რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ის პუნქტები, რომელმაც კოლაბორაციონისტულ ძალებს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა. დღეს იმის თქმა, რომ ეს ძალები მცირერიცხოვანია და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე არავითარი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ძალიან მცდარია. არც 1920 წელს შეეძლოთ მათ რაიმე გავლენის მოხდენა შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე, თუმცა მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა პროვოკაციებს, საბოლოოდ, საქართველოს ოკუპაცია და ანექსია მოჰყვა.

ცალკე განხილვის საგანია საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია, სადაც ნათლად ჩანს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. პარლამენტის წევრის ცემა, პარლამენტის წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, დღის ანონსებში 80%-იანი პროკურატურის თემები, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, არჩეული მერის, მოქმედი გამგებლების დაბარებები საქართველოს პროკურატურაში, ასევე უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ, პრემიერმინისტრის, მინისტრების, საკანონმდებლო ორგანოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ მუდმივი მუქარა ოპოზიციის და ყოფილი ხელისუფლების მისამართით, ქმნის იმ სურათს, რომ პრაქტიკულად, ხელოვნურად შექმნილი სხვადასხვა საქმეების მეშვეობით, ხდება მთავარი ოპოზიციური ძალის დაშინება, დევნა და დაკავება. ეს პროცესი ძალიან წააგავს 2010 წელს უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დაწყების პერიოდს, როდესაც დაიწყო ანგარიშსწორება ყოფილი ხელისუფლების მომხრეების წინააღმდეგ და პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკოც დაიჭირეს შეთითხნილი ბრალდებით. ასეთი საგარეო გამოწვევების ფონზე, როდესაც საქართველოს საგარეო უსაფრთხოება ისედაც საკმაოდ სუსტია, ეს პროცესები მას კიდევ უფრო მოწყვლადს ქმნის. ამიტომ ვფიქრობთ, დროა, დაცული იქნეს ქვეყნის ინტერესები და საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედოს იმ კონტექსტში, რომელიც ქვეყანას ააცილებს ახალ რუსულ აგრესიას და მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობაში ამყოფებს თავის დასავლელ პარტნიორებთან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები