უკანონო მოსმენები

გვარამია: როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა გითხრათ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ

"ხელისუფლებას პირობას ვაძლევ, მათ შორის მათ, ვინც პროკურატურაში კერავს საქმეს, მათაც, ვინც ხელისუფლებაში საქმის შეკერვით არის დაკავებული და შსს-ს განსაკუთრებით, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა გითხრათ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთ ნამდვილად" - ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერი გამოაშკარავდება.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურამ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაზე ფარული მიყურადების ავტორი სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მათ ეჭვი სწორედ პროკურატურის მიერ დასახელებულ მოწმეებზე ჰქონდათ. კერძოდ, ტელეკომპანიის დაცვის უფროსზე თეიმურაზ კოვზიაშვილზე და ცვლის უფროსზე - მკერლიშვილზე. მისი თქმით, სწორედ ამ ადამიანებს ჰქონდათ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის სამუშაო კაბინეტებზე შეუზღუდავი წვდომა და ისინი აკონტროლებდნენ, ვინ შედიოდნენ ოთახებში. გვარამიას განცხადებით, საბოლოო ხაზი სად-ის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ბუნტურიძემდე მიდის, რომელმაც ტელეკომპანია საკუთარი ინიციატივით,  2012 წლის 31 დეკემბერს დატოვა.

მისი თქმით, კოვზიაშვილი და მკერლიშვილი სამსახურში პირადად ბუნტურიძემ მიიყვანა და ისინი დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდნენ დაცვის სამსახურს. გვარამია უარყოფს, რომ კოვზიაშვილმა მას გაუზიარა ეჭვი სათვალთვალო მოწყობილობის კვალის აღმოჩენაზე. მისი განცხადებით, ამას უარყოფს ტელეკომპანიის ლოგისტიკის სამსახურის უფროსი დავით კომლაძეც.  

"სინამდვილეში, ყველაფერი იყო ასე, ბატონმა კოვზიაშვილმა გადაიღო შემოწმება, რომელიც ჩვენს შენობაში ნამდვილად ჩატარდა - იდგა თუ არა ფარული მიყურადების აპარატურა. რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რომ ჩემი ციხეში ყოფნის დროს, რუსთავი 2-ის ოფისი შემოწმდა და ვერაფერი აღმოაჩინეს. სწორედ ეს აღრმავდებდა ჩვენს ეჭვებს, რომ სათვალთვალო კამერები ახალი ხელისუფლების პერიოდში დაყენდა. ჩვენ შემოწმება ჩავატარეთ ღია სათვალთვალო კამერების პირობებში, სამუშაო საათებში, ჩემი მდივნის თანდასწრებით, თანამშრომლების აქ ყოფნის დროს, ვსვამ ლოგიკურ კითხვას, თუ ადამიანებს გვინდოდა ჩვენსავე ოთახებში კამერების დაყენება, ამას გავაკეთებდით მთელი კორპორაციის დასანახად, დღის სინათლეზე, და ვიღებდით ჩვენსავე წინააღმდეგ მტკიცებულებებს? რამდენად ჯდება ლოგიკაში, მაყურებლისთვის მიმინდია. ხელისუფლების ლოგიკა ისედაც ცნობილია, რომლებიც მიყვებიან ღარიბაშვილის ლოგიკას. მან კი, იმთავითვე დაგვაბრალა იმპროვიზაცია. არადა, კარგად უნდა დაფიქრდეს - რა ხდება, რატომ ჟონავს მისი ყოფილი უწყებიდან ეს კადრები და რატომ არის ეს კადრები სწორედაც რომ მისი მინისტრობის დროინდელი. ბატონმა კოვზიაშვილმა გაიკეთა ალიბი, გადაიღო მასალა, რომელიც თითქოსდა კამერების დამონტაჟებას ეხება, და შემდეგ თავისუფალი იყო - ეკეთებინა ის, რაც უნდოდა - ანუ დაემონტაჟებინა კამერები ბატონი ბუნტურიძის დავალებით. თავად ბუნტურიძეს საიდან ჰქონდა დავალებები, ეს ცხადია. ბუნტურიძე მუშაობს სად-ში და ძალიან მაღალი შემოსავალი აქვს ბოლო წელიწადნახევარში" - აცხადებს გვარამია.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, დღეს, ორსაათნახევრის მანძილზე, დაკითხვაზე მისთვის და მისი მოადგილეებისთვის არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით.  მისი შეფასებით, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობას ურთიერთობა აქვს ორ პროკურატურასთან - 1. რომელიც იძიებს საქმეს და 2. რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს.  

"ამაზე უარესი ამბების გამოაშკარავებასაც გპირდებით, აი, მერე რას მოიფიქრებთ - თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი და რომ უსმენთ, იმათ რომ მოგასმენინებთ, მერე მაინტერესებს ძალიან, ესეც ჩვენ დავამონტაჟეთ, გადავიღეთ და მოვისმინეთ? აი, ეს შეკითხვები იქნება დასმული და ველოდებით უახლოეს დღეებში ამ კითხვებზე პასუხებს" - მიმართა გვარამიამ ხელისუფლებას.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში აღმოჩენილი სათვალთავალო ვიდეოკამერების დამონტაჟება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომელიც სამსახურიდან  7 მაისს გაათვისუფლეს, გამოძიებას კადრები გადასცა, რომელიც 2012 წლის 21 დეკემბერს არის ჩაწერილი და ასახულია მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრები, რომლებიც ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში იმყოფებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება 6 მაისს გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები