ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება

ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილს და ღარიბაშვილს ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გიგა ბოკერიას დაკავებას წელიწად-ნახევარია, აანონსებს. როგორც ჩერგოლეიშვილმა პროკურატურასთან ჟურნალისტებს უთხრა, შესაბამისად, ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"ნებისმიერი საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, ივანიშვილს ახსენდება რაღაც ხარჯები, რომელიც თურმე ლობისტებზე დაიხარჯა. ასე გამოიყურება პროვინციული ჰაკიმ-ფაშიზმი. რეალურად, ეს მოწმის სტატუსით დაკითხვაც ხომ ფარსია, ბრალის წაყენება უნდათ. ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. სადაც ნელსონ მანდელა იჯდა ციხეში 23 წელი, ჩემი ქმარიც გადაიტანს როგორმე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის პაჟს, ღარიბაშვილს ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა და ჟურნალისტების კითხვაზე აღნიშნა, რომ ბოკერიას დაკავებას არ გამორიცხავს.

"ყველაფერია მოსალოდნელი პროვინციული ჰაკიმ-ფაშიზმის პირობებში", - დასძინა ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. ბოკერია ჩვენების მისაცემად უწყებაში 15:00-ზე გამოცხადდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობითვე, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს, საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები