ზვიად ჯანყარაშვილი

ნადირაშვილი: საქართველოს მართავს თამაზაშვილების და ღარიბაშვილების კლანი

news.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი ქართული ოცნების ახლა უკვე აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის მიერ გენინსპექციის უფროსად მუშაობისას მიღებული ხელფასის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს. მისი თქმით, "1 წლის განმავლობაში თამაზ თამაზაშვილის დისშვილის შენახვა ბიუჯეტს დაუჯდა 130 603 ლარი და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი გარღვეულია, როდესაც იღებენ ძალიან ძვირ ვალს იმისთვის, რომ სოციალური ვალდებულებები შეასრულონ".

"ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია ქართული ოცნება ჩააბარა ნუნუ თამაზაშვილის მამიდაშვილს ზვიად ჯანყარაშვილს. მას ეკავა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა შინაგან საქმეთა სამინისტროში და იყო ფაქტიური მმართველი ამ სამინისტროსი.

მე დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ, როგორ ეპყრობა ზვიად ჯანყარაშვილი გარღვეულ ბიუჯეტს, რა ხელფასებს იღებდა ის ამ ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მინისტრ ჭიკაიძეს, რომ მოეწოდებინა სახელფასო განაკვეთები მაღალი თანამდებობის პირების, ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ, ისევე, როგორც მინისტრის მობრძანებას პარლამენტში, რომ მისთვის კითხვები დაგვესვა. მაგრამ სხვა წყაროებით მივიღეთ ინფორმაცია და წარმოგიდგენთ ზვიად ჯანყარაშვილის ხელფასებს 1 წლის განმავლობაში. აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არ ყოფილა არცერთი თვე, რომ აეღო ხელფასი 10 000 ლარის ქვემოთ. აპრილის თვეში აიღო 10 232 ლარი, მაისში 10235 ლარი, ივნისი 10235, აგვისტო 10235, სექტემბერი 10245, ოქტომბერი 10255, ნოემბერი 12 255, დეკმბერი 12 517, იანვარი 11 365, თებერვალი 11 388.

1 წლის განმავლობაში თამაზ თამაზაშვილის დისშვილის შენახვა ბიუჯეტს დაუჯდა 130 603 ლარი და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი გარღვეულია, როდესაც იღებენ ძალიან ძვირ ვალს იმისთვის, რომ სოციალური ვალდებულებები შეასრულონ.

აქ საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი, ზვიად ჯანყარაშვილის ოჯახის ყველა წევრმა 2013 წლიდან მუშაობა დაიწყო საჯარო სამსახურში. მაგალითად, მისმა მეუღლემ ანა ხვედელიძემ საქართველოს კულტურის პალატაში დაიწყო მუშაობა, მამამ რევაზ ჯანყარაშვილმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ასევე 2013 წლიდან მისი და ნატო ჯანყარაშვილი მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ასე რომ, ყველა ადამიანმა, რომელიც ეძებს სამსახურს, უნდა იცოდეს, რომ სამსახურს ვერ მიიღებს, იმიტომ, რომ საქართველოს მართავს კლანი თამაზაშვილების და ღარიბაშვილების და სამუშაო ადგილებიც და მაღალი ხელფასებიც მათთვისაა.

ჩვენთვის სამწუხაროა, რომ ასეთმა პიროვნებამ ჩაიბარა მართვა ქართულ ოცნებაში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის იქიდან განაგრძობს ბიზნესის დატერორებას და იმ კორუფციულ გარიგებებს, რომლის ეჭვიც ისედაც მის ირგვლივ არსებობდა", - ამბობს ნადირაშვილი.

კომენტარები