ალექსანდრ მაშკევიჩი საქართველოში

საგანელიძე: მაშკევიჩთან შეხვედრაზე ფარმაცევტულ ბაზარზეც ვისაუბრეთ

0 კომენტარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ინფორმაციით, რესტორან ფაეტონში გუშინდელი შეხვედრისას, ბიზნესმენ ალექსანდრ მაშკევიჩთან სამედიცინო სფეროსა და ფარმაცევტულ ბაზარზე ისაუბრეს. როგორც საგანელიძე აღნიშნავს, შესაძლოა, მაშკევიჩი საქართველოში რამდენიმემილიონიანი ინვესტიციით შემოვიდეს. მისი თქმით, მაშკევიჩი დაინტერესდა, რა მდგომარეობაა სამედიცინო სფეროში და როგორია საკანონმდებლო ბაზა. საგანელიძის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია მაშკევიჩს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ დავით სერგეენკოს ბიზნესმენ ალექსანდრ მაშკევიჩთან ოფიციალური, საქმიანი შეხვედრა არ ჰქონია. ამის შესახებ ტაბულას სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს და აღნიშნეს, რომ არც მაშკევიჩის ვიზიტის მიზანი არ იციან.

"გაჟღერებული იყო სამედიცინო სფერო, ფარმაცევტული კერძოდ.. ამ თემაზეც იყო საუბარი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი სფეროა, რომელსაც მისი კომპანია ფლობს... თუ ასეთი ჯგუფი შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, არანაირი მოსუფთავება არ სჭირდებათ, ისინი პირიქით მომხრე არიან, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი და არანაირი ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდეს" - განაცხადა საგანელიძემ და აღნიშნა, რომ "მაშკევიჩს ჯერ გადაწყვეტილიც კი არ აქვს, შემოვა თუ არა საქართველოში ინვესტიციით".

კითხვაზე, მაშკევიჩის კომპანია მონოპოლისტი არ იქნება?, დეპუტატი პასუხობს, რომ "როგორ შეიძლება, რომელიმე კომპანია მონოპოლისტი იყოს საქართველოში?". კითხვაზე, "არც ივანიშვილთან კავშირი განსაზღვრავს ამას?", საგანელიძე აღნიშნავს - "ივანიშვილთან კავშირი რომ ამას განსაზღვრავდეს, დამიჯერეთ, დღეს საქართველოში შეიძლებოდა, ძალიან ბევრი მონოპოლური ბიზნესი შეექმნა, მაგრამ მან პირიქით დაანგრია მონოპოლური ბიზნესი".

მისივე განცხადებით, "ბატონი მაშკევიჩი ძალიან დიდი სიმპატიითაა ბატონი ბიძინასადმი [განწყობილი]... ხაზგასმით ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოსკოვში მოღვაწეობდა, იყო ერთ-ერთი ყველაზე, რუსულად რომ ვთქვათ, ჩესნი ბიზნესმენი, რომელიც არასოდეს გარიგებაში არ შედიოდა რაღაც სამსახურებთან ან ისეთ კონტრაქტებში, სადაც შეიძლებოდა დიდი მოგება ჰქონოდა, მაგრამ წითელ ხაზებზე გაევლო.. ამიტომ, მე ვიცი მაშკევიჩის ძალიან თბილი და ძალიან ღირსეული დამოკიდებულება ბატონი ბიძინასადმი და ასევე ბატონი ბიძინასიც სხვათაშორის".

კითხვაზე, რამდენი მილიონი შეიძლება დააბინდოს საქართველოში, საგანელიძე პასუხობს, რომ "მე ამას ვერ გეტყვით, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ იმ დონის ბიზნესმენები, იმ დონის პიროვნებები, როგორიც მაშკევიჩია, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არ იქნება, 10, 50 ან თუნდაც 100 მილიონი, ეს იქნება მნიშვნელოვნად უფრო მეტი". მისივე თქმით, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას ალექსანდრ მაშკევიჩი, ჯერჯერობით, უცნობია. საგანელიძის ინფორმაციით, გუშინ მაშკევიჩი საქართველოში სპეციალურად  ბიზნესზე საუსაუბროდ არ ჩამოსულა. მისი თქმით, მაშკევიჩი ქართველ ბიზნესმენთან, ტარიელ ვასაძესთან ერთად, პატრიარქის მოწვევით სვეტიცხოვლობას დაესწრო.

ცნობილია, რომ ბიზნესმენ ალექსანდრ მაშკევიჩს საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი აინტერესებს. ეს დაადასტურეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. კერძოდ, 2013 წლის 9 ოქტომბერს სერგეენკომ თქვა, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნის და პირველადი ჯანდაცვის სფეროებში ახალი ინვესტიცია შემოდის, რომელსაც ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი განახორციელებს. 

ასევე, 2013 წელს განაცხადა საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ "მე უკვე მქონდა მოლაპარაკება ცნობილ ბიზნესმენთან, ჩემს მეგობართან, ჩემი ნაცნობია ძველი. იქნებ ფართო მოხმარების წამლებზე მოვახერხოთ ფასის შემცირება. ძირითადი დასახელება რაც არის, მოვახერხოთ მკვეთრად ფასების დაწევა. რაც კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას".

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ მაშკევიჩი თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის.

60 წლის ისრაელი მილიარდერი ალექსანდრ მაშკევიჩი ფორბსის სიაში, 2013 წლის მონაცემებით, ისრაელის უმდიდრეს მოქალაქეებს შორის, 1.8 მილიარდი დოლარის კაპიტალით, მე–11 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, II ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა ჯგუფში გადავიდა და მათი ყიდვა მომხმარებელს მხოლოდ ექიმის მიერ გაცემული რეცეპტით შეუძლიათ. ასევე, აიკრძალა 18 წელს მიუღწეველ პირზე წამლის გაყიდვა.

რეცეპტის რეფორმიდან რამდენიმე დღეშივე გავრცელდა ინფორმაცია სააფთიაქო ბაზარზე შავი ბაზრის არსებობის შესახებ, კერძოდ, იმაზე, რომ აფთიაქებში სააფთიაქო ექიმი მომხმარებელს ნებისმიერ რეცეპტს აძლევს, რომელიც მხოლოდ ამ კონკრეტულ აფთიაქში მოქმედებს. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 9 სექტემბერს თქვა, რომ რეცეპტის შავი ბაზრის რისკი მცირე დოზით მოსალოდნელი იყო. თუმცა, ის 14 აგვისტოს, პრეპარატების რეცეპტით გაცემის გამო წამლების გაძვირების, შავი ბაზრის გაჩენისა და კორუფციის რისკებს ვერ ხედავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები