ე.წ. გასაღების თემა

მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვა თებერვლის ბოლომდე გადაიდო

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს 1-ლი აპრილის ნაცვლად 28 თებერვლამდე მოამზადებს და დაამტკიცებს. 
ვადის შემცირების ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა.

ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებები 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ გავიდა. 31 დეპუტატიდან საპარლამენტო უმცირესობის გარდა მხარი კანონპროექტის გადავადებას არ დაუჭირა თავისუფალი დემოკრატების 8 დეპუტატმა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მურმან დუმბაძემ.

პარლამენტმა 1 აგვისტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ისე მიიღო, რომ ღიად დარჩა საკითხი, ვის ხელში უნდა იყოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ე.წ. გასაღები. პარლამენტს 2014 წლის 1-ელ ნოემბრამდე ჰქონდა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის დამტკიცების ვადა, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს ვადა 28 თებერვლამდე გადაიწია.

კომენტარები