Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty Int: რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტებზე სათანადო რეაგირება არ ყოფილა

საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის ყოველწლიური ანგარიშის ერთი თავი საქართველოში რელიგიურ დისკრიმინაციას ეთმობა. დოკუმენტში აღნიშნულია რამდენიმე შემთხვევა, რომლებშიც, სამართალდამცველების მხრიდან სათანადო რეაგირება არ ყოფილა.

"2 მაისს ქვეყანაში მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა, იმ ნაწილის გარეშე, რასაც კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი შეიცავდა და რომელიც დარღვევებისთვის დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმებს და ფინანსურ ჯარიმების შემოღებას ითვალისწინებდა.

რელიგიური შეუწყნარებლობის ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა გაიზარდა. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა, განმეორებითი ძალადობისთვის პასუხის გაცემა და თავდასხმების ეფექტური გამოძიება.

1 ივნისს ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები დასავლეთ საქართველოში მდებარე ქალაქ თერჯოლაში შეიკრიბნენ, რათა გაეპროტესტებინათ იეჰოვას მოწმეების სალოცავის მშენებლობა. ისინი დაიმუქრნენ ფიზიკური ძალადობით და საკუთრების განადგურებით. რამდენიმე იეჰოვას მოწმემ პოლიციაში განაცხადა, რომ ადგილობრივები მათ ემუქრებოდნენ და აშინებდნენ, მათ შორის, სიკვდილით და მათი სახლებისთვის ქვების დაშენით. პოლიციამ წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა სავარაუდო დამნაშავეებს, თუმცა, ოფიციალური გამოძიება არ დაწყებულა.

სექტემბერში ქობულეთის მოსახლეობამ რამდენჯერმე დაბლოკა ადგილობრივი მუსლიმური სასწავლებლის შესასვლელი და შენობაში შესვლაში ხელი შეუშალა პერსონალსა და მოსწავლეებს. ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს სკოლის შესასვლელთან ღორი დაკლეს და მისი თავი კარზე მიაჭედეს. დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება", - წერია ანგარიშში.

კომენტარები