ქართველები სირიაში

ბოკერია პანკისში ახალგაზრდების წასვლაზე: ივანიშვილის გუნდის პოლიტიკის შედეგია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში მიგრაცია, "ისევე როგორც ზოგადად ვითარება ქვეყანაში, არის შედეგი იმ პოლიტიკის, რასაც ივანიშვილი და მისი გუნდი აწარმოებენ".

"ეს არის სრული განუკითხაობა, უნიათობა, მავნებლობა, როცა საქმე შეეხება ზოგადად ორგანიზებულ დანაშაულს და, კერძოდ, ამ პრობლემის სრული იგნორირება, ერთი მხრივ, ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეების უფლებების შელახვა იქ, სადაც სახელმწიფო უნდა იყოს მათი უფლებების დამცველი და, მეორე მხრივ, არანაირი ზომების არმიღება იქ, სადაც სახელმწიფო უნდა იყოს მკაცრი, ანუ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ან ტერორიზმში ითრევს ან ძალადობაში ან მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის რეკრუტირებით", - ამბობს ბოკერია.

ცნობისთვის, პანკისიდან წასული არასრულწლოვნის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის სირიაში ყოფნა დადასტურდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს ფოტოს, სადაც მოზარდები ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს დროშის ფონზე არიან აღბეჭდილები. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოდან სირიაში გაგზავნილი სკოლის მოსწავლეები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან. მუსლიმ კუშტანაშვილის ბებია აცხადებს, რომ მის შვილიშვილს საქართველოში დაბრუნება უნდა.

მუსლიმ კუშტანაშვილმა და რამზან ბაღაკაშვილმა საქართველოს საზღვარი 2 აპრილს გადაკვეთეს. ისინი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში ცხოვრობდნენ. მშობლები აცხადებენ, რომ მოზარდების წასვლის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან და ხელისუფლებას ბავშვების დაბრუნებაში დახმარებას სთხოვენ. გარდა ამისა, მუსლიმ კუშტანაშვილის ნათესავები ეჭვობენ, რომ არსებობს გარიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში არასრულწლოვანი საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

კომენტარები