კანაფის ექსპორტი

მეუფე იაკობი: ზურაბიშვილი კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება

რუსთავი 2

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა პრეზიდენტობის კანდიდატი, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ "არ იცის, ის პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება". 

იაკობის უკმაყოფილებას ზურაბიშვილის 2 დღის წინ გაკეთებული განცხადება იწვევს - პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა: "ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს და ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში მე ვიქნები". ზურაბიშვილმა თქვა, რომ ახალი კანონი მისაღებია, მაგრამ რეგულაციები აუცილებელია.

როგორც რუსთავი 2-ს მეუფე იაკობმა უთხრა, მან კარგად იცის პიარ-ტექნოლოგიები, სალომე ზურაბიშვილს კი არ აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ "მაგის სიტყვას უსმინონ".

"ამაში ფინანსური ინტერესები დევს. სახელმწიფოზე რო ფიქრობდნენ, აქამდე სხვა რამეს მოიფიქრებდნენ. შეიძლება, თუ ვერ გაიმარჯვა, იმას ფიქრობს, რომ მერე მაგის ერთ ლიცენზიას აიღებს. იყო ხოლმე გამოთქმა, ფეხბურთს როცა ვთამაშობდით ახალგაზრდობაში, იყვნენ ხოლმე ადამიანები - გამოდიოდნენ და ამას ვიზამ, იმას ვიზამო და კრამიტებს რაკარუკი არ აუტეხოო, ვეტყოდით ხოლმე და არ ვიცი, რა უნდა ქნას ახლა ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები ჰყავთ, კარგად ვიცი, რა ხდება და ეს პიარ ტექნოლოგიები კარგად ვიცი. თუ იმას ამბობს, რომ კანაფს ჩაუდგება, კანაფის დედოფალი შეიძლება გახდეს. ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ "კანაფის დედოფალი" ნამდვილად გახდება", - თქვა მეუფე იაკობმა. 

საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს - ამის შესახებ განცხადებები გუშინ გაკეთდა. განიხილება მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა.

  • შსს აცხადებს, რომ მარიხუანის მოხმარება აკრძალული იქნება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
  • ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული;
  • მარიხუანის მოხმარება აკრძალული იქნება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
  • მარიხუანის მოხმარებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების, ჩამორთმევას;
  • კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ რეგულაცია. მარიხუანას ფლობა და გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ გაითვალისწინეს საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების (კანადა, ისრაელი, ჩეხეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) პრაქტიკა, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის დასაშვებია. შესაბამისად, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი კონტროლი დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ.

სასულიერო პირების მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. მამა შალვა კაკულიას თქმით, შესაცვლელია ის კონსტიტუციის "პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება" ისეთი ჩანაწერით, რომელიც ადამიანის მიერ საკუთარი თავის დაზიანების უფლებას გამორიცხავს. 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". 

კომენტარები