პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

კობახიძე ივნისის მოვლენებზე: ოცნება იყო დედის როლში, რომ ბავშვს [ქვეყანას] არ ტკენოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ტვ იმედის ეთერში 20 ივნისის შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. კობახიძემ 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენები "კავკასიური ცარცის წრეს" შეადარა.

კობახიძის თქმით, ქართული ოცნება ივნისში ბავშვის ნამდვილი დედის როლში მოევლინა ქვეყანას, ხოლო ოპოზიცია - თვითმარქვია დედის. 

"თქვენ იცით კავკასიური ცარცის წრე, ეს ბიბლიური, ესე ვთქვათ, ეს სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში ქართული ოცნება დადგა დედის როლში, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ბავშვს, ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას მინიმალურადაც არ ტკენოდა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რატომაც გამოვიდა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე პროპორციული საარჩევნო სისტემის შეთავაზებით", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავდროულად, კობახიძე ამბობს, რომ თვითმარქვია დედას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას, არ უყვარს ბავშვი, ამ შემთხვევაში ქვეყანა და მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვს ტკენოდა.

"ამაზე პასუხი იყო, რომ სამი თვე დარჩნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ქუჩაში, სამი თვე ტკენდნენ, ხელს ტკენდნენ ბავშვს. ეს არის მათი სახე, მათ არ უყვართ ქვეყანა. ამით გამოჩნდა მათი სახე, რაც ჩვენგან რადიკალურად განსხვავდება", — თქვა კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ 20 ივნისს ოპოზიცია ხელისუფლების გადატრიალებას ცდილობდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, ქართული ოცნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა. 

კომენტარები