დეკანოზ მამალაძის საქმე

საპატრიარქო: კვლავ ვემხრობით გიორგი მამალაძის შეწყალებას, ასევე სხვა შეღავათების მიცემას

რადიო ფორტუნა

საპატრიარქო აცხადებს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და კვლავ ემხრობა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს. ასევე, მიესალმება მამალაძისთვის სხვა სახით შეღავათის მიცემასაც.

"როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით".

ეკლესიის პოზიცია უცვლელია და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 17 მარტს გაიმართება.

სასჯელის გადავადებას გიორგი მამალაძის უფლებადამცველები მისი ჯანმრთელობის გამო ითხოვენ. ოჯახის წევრების თხოვნაა, დეკანოზს მიეცეს მკურნალობის საშუალება და შემდეგ გააგრძელოს სასჯელის მოხდა.

მამალაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, EMC განმარტავს, რომ 2019 წლის თებერვლიდან დეკანოზი პენიტენციური სამსახურის #18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობს, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მამალაძე დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას ითხოვდა. თუმცა, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

2019 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით წმიდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა.

კომენტარები