სააკაშვილი უკრაინაში

კალაძე სააკაშვილის ვიცეპრემიერობაზე: უკრაინისთვის პოლიტიკური დისკომფორტი უნდა იყოს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"​უკრაინის ამჟამინდელი საფიქრალია. პოლიტიკური დისკომფორტი უნდა იყოს, როდესაც ხელისუფალი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორგზის დამნაშავედ ცნობილ პირს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას სთავაზობს"- ასე ეხმაურება ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე, სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნას. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, მმართველი გუნდი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და "შესაბამის დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც აუცილებლად გადადგამს". მისივე თქმით, უკრაინა მეგობარი ქვეყანაა და ამ მოცემულობას ვერაფერი შეცვლის. 

"ყველას კარგად ახსოვს, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ამ ქვეყანაში. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ცხოვრობს იქ და გული შემტკივა ამ ქვეყანაზე. ვგულშემატკივრობ უკრაინას ისევე, როგორც საქართველოს, და მინდა, რომ ერთიანები ვიყოთ ყველა საკითხში. პოლიტიკაში, ცხოვრებისგან განსხვავებით, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს"- ამბობს კალაძე და აღნიშნავს, რომ წინა პრეზიდენტის დროს, სააკაშვილის დანიშვნაზე მძაფრი რეაქცია არ ჰქონიათ, რადგან ის ძებნილი არ იყო, მაგრამ ახლა ეს გადაწყვეტილება, "ქართველი ხალხის მიერაც შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული".

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის გამო, მმართველმა გუნდმა უკრაინიდან საქართველოს ელჩი გამოიწვია. ამას არ ადასტურებს პრემიერმინისტრი. თუმცა, როგორც გიორგი გახარია ამბობს, თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნა, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს.

ქართული ოცნების დეპუტატის, რატი იონათამიშვილის თქმით კი, "არ გამოვრიცხავ, რომ დღის წესრიგში დადგეს დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის კავშირი ძალიან ძვირფასია".

მმართველი გუნდის მხრიდან ამ საკითხზე გაკეთებულ კომენტარებს ოპოზიცისიისგანაც მოჰყვა შეფასებები.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საუბარიც კი, უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე "ან რაიმე მიახლოებულ დიპლომატიურ ნაბიჯზე", არის პირდაპირი მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, - "არ შეიძლება, პოლიტიკურ ან პერსონალურ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესები გადააყოლო", - ამბობს ბოკერია.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნა შესთავაზა. სააკაშვილის თქმით, ის მზადაა, მიიღოს შემოთავაზება.

კომენტარები