MH17

არსებობს ნიშნები, MH17-ის ჩამომგდები რაკეტა სეპარატისტებს პუტინის ნებით მისცეს – გამოძიება

MH17

ნიდერლანდელი გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც 2014 ივლისში, უკრაინაში სეპარატისტების მიერ მალაიზიური ავიახაზების სამოქალაქო რეისი MH17-ის ჩამოგდების საქმეზე მუშაობდა, აცხადებს, რომ არსებობს "სერიოზული ნიშნები", რომელთა მიხედვითაც, პრორუსულ ძალებს იარაღი, რომლითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით მიაწოდეს. 

"არსებობს სერიოზული ნიშნები, რომ რუსეთში პრეზიდენტმა გადაწყვიტა [თვითგამოცხადებული] დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტებისთვის Бук-ის სისტემა გადაეცათ". – ამბობს საგამოძიებო ჯგუფი და ეყრდნობა რუსი მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს. 

გამომძიებლებმა ამის მიუხედავად თქვეს, რომ შემაჯამებელი დასკვნები არ არსებობს და პუტინს სამართალწარმოებისგან იმუნიტეტი იცავს, რადგან სახელმწიფოს მეთაურია. ამ მიზეზების გამო, გამოძიება შეჩერებულია. 

გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება პუტინმა გასცა.

მათივე თქმით, ახალი სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რადგან "ამ მომენტისთვის შეუძლებელია დადგენა, თუ ვინ იყვნენ Бук-ის სისტემის ოპერატორები და სხვა სახის კონკრეტული ინფორმაციაც ნაკლებობას განიცდის, შეუძლებელია დადგენა რატომ ესროლეს Бук-ის რაკეტა MH17-ს, რა იყო მათი მისია და რა ინფორმაციას ფლობდნენ გასროლის მომენტში".

გასული წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ერთ და რუსეთის ორ მოქალაქეს, მათ შორის თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ე.წ. თავდაცვის მინისტრს, იგორ გირკინს დააკისრა.

2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების ფრენა ნომერი 17 (MH17) ნიდერლანდებიდან, ამსტერდამის აეროპორტიდან მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როდესაც ის, უკრაინის საჰაერო სივრცეში ყოფნის დროს, პრორუსი სეპარატისტების ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო. თვითმფრინავში მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. შემთხვევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც პრორუსი სეპარატისტები ჩამოგდებულ თვითმფრინავს ათვალიერებდნენ და აცნობიერებდნენ ფაქტს, რომ სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

კომენტარები