MH17

ნიდერლანდების სასამართლომ MH17-ის ჩამოგდების გამო სამ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

Getty Images

ნიდერლანდების სასამართლომ დაადასტურა, რომ 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი MH17-ი აღმოსავლეთ უკრაინიდან გასროლილმა რუსული წარმოების რაკეტამ ჩამოაგდო. თუმცა, როგორც სატელეფონო ზარების მოსმენის საფუძველზე დადგინდა, ეჭვმიტანილთა სამიზნე ობიექტი უკრაინული თვითმფრინავი იყო. 

ეჭვმიტანილები, რომელთაგან ყველას სამუდამო პატიმრობა ემუქრება, რუსეთში არიან გაქცეულები. პროკურორები ამბობენ, რომ ისინი [სამი ყოფილი რუსული დაზვერვის ოფიცერი და უკრაინელი სეპარატისტი სამხედრო ლიდერი] რუსული არმიის BUK სარაკეტო სისტემის აწყობასა და უკრაინაში მის ტრანსპორტირებაში მონაწილეობას იღებდნენ. სწორედ ეს სარაკეტო სისტემა გამოიყენეს მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის.

სამი ეჭვმიტანილი დაუსწრებლად გაასამართლეს, მეოთხემ კი ბრალი არ აღიარა. სასამართლოზე მისი წარმომადგენელი დაქირავებული ადვოკატი იყო. 

ნიდერლანდების კანონმდებლობით ჩატარებულ სასამართლო პროცესზე მათ ბრალი თვითმფრინავის ჩამოგდებასა და მკვლელობაში ედებოდათ. თუმცა, ისინი, შესაძლოა, წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდებით გაასამართლონ, თუ ჰააგის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები ამას დაადგენენ.

"სასამართლო ფიქრობს, რომ MH17-ი რაკეტამ პერვომაისკის მახლობლად მდებარე ფერმიდან ჩამოგდო. შედეგად, 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა". - თქვა მოსამართლე თავმჯდომარემ, ჰენდრიკ სტინჰუისმა. 

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, რუსეთის მხარდაჭერილი ამბოხებულების მიერ გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. სატელეფონო ჩანაწერებით ირკვევა, რომ MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილე ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერებს, მათ შორის გირკინს, კრემლის წამყვანი მაღალჩინოსნები მართავდნენ.

ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი სამხილებს რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა, რის შემდეგაც დაკავების ორდერები გამოიცა 4 ეჭვმიტანილზე: სერგეი დუბინსკიზე, ოლეგ პულატოვზე და იგორ გირკინზე, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ასევე უკრაინის ერთ მოქალაქეზე, ლეონიდ ხარჩენკოზე.

კომენტარები