MH17

რუსების 10%-ს სჯერა, რომ 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო

NBC

რუსების 10%-ს სჯერა, რომ 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი MH17 რუსეთმა ჩამოაგდო.

გამოკითხვა ლევადა ცენტრმა ნიდერლანდების ლაიდენის უნივერსიტეტთან ერთად 2019 წლის ბოლოს ჩაატარა და მასში 1600 რესპოდენტი მონაწილეობდა.

2015 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს სჯეროდა, რომ MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რუსეთი იყო.

გამოკითხვით ასევე ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეების 60%-ის აზრით, თვითმფრინავის ჩამოგდების უკან უკრაინა იდგა. 26%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ გამოძიება ავიაკატასტროფაში რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს დაადგენს, რუსეთმა MH17-ის ჩამოგდების შედეგად დაღუპულების ოჯახებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე 298 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი 10 000 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც რაკეტამ ააფეთქა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.

ივნისში ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი ოთხი პირი გამოავლინეს. ბრალდებულებიდან სამი რუსია - იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და ოლეგ პულატოვია, ხოლო ერთი უკრაინელი ლეონიდ ხარაჩენკო.

გასული წლის ნოემბერში თვითმფრინავის ჩამოგდებაზე მიმდინარე გამოძიებაში ახალი დეტალები გამოიკვეთა - სატელეფონო ჩანაწერებით ირკვევა, რომ MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილე ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერებს კრემლის წამყვანი მაღალჩინოსნები მართავდნენ.

კომენტარები