თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ირანმა არმიის 10 წევრს უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პატიმრობა მიუსაჯა

AFP

ირანმა შეიარაღებული ძალების 10 წევრს პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნო უკრაინული ავიახაზების ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სასამართლოს ვებსაიტზე გავრცელდა

Mizan Online-ის ცნობით, ერთ-ერთ მეთაურს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, კიდევ ცხრა პირს კი, ერთიდან სამ წლამდე ვადით.

"მომხდარის შედეგების გათვალისწინებით, საქმეში მეთაურს, რომლის ბრძანებასაც თვითმფრინავის ჩამოგდება მოჰყვა, პატიმრობის მაქსიმალური ვადა მიესაჯა. მისი ქმედება გამოწვეული იყო ვითარებაში გაურკვევლობით და არასწორი ინტერპრეტაციით, რომ აღმოჩენილი სამიზნე მტრული იყო". - წერია ირანის სასამართლოს ვებსაიტზე, დამატებითი დეტალების გარეშე. (Mizan Online)

2020 წლის 8 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოაგდო. შემთხვევას ყველა მგზავრი, 176 ადამიანი ემსხვერპლა. 

თეირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ ტრაგედიიდან მესამე დღეს აღიარა და ამ შემთხვევას "ადამიანური შეცდომა" უწოდეს. ირანის განცხადებაში ეწერა, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა.

უკრაინის ავიახაზების თქმით, ირანის რევოლუციურ გვარდიას თვითმფრინავი ჩამოგდებამდე არ გაუფრთხილებია. 

ირანის სამხედრო ძალების მიხედვით, შემთხვევა რადარებისა და თავდაცვის სისტემის ოპერატორის შეცდომის გამო მოხდა და მათ თვითმფრინავი თეირანისკენ დამიზნებული რაკეტა ეგონათ, აშშ-სთან არსებული დაძაბული სიტუაციის გამო. ამ ტრაგედიის წინ უძღოდა აშშ-ს მიერ ირანის გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობა და საპასუხოდ ირანის მიერ აშშ-ს ერაყში მყოფ ბაზებზე თავდასხმა.

ირანის წარმომადგენლების თქმით, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით 10 ოფიციალურ პირს ბრალი 2021 წელს წაუყენეს.

კომენტარები