თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ირანს საერთაშორისო სასამართლოში უჩივიან

Reuters

კანადამ, შვედეთმა, უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ 4 ივლისს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ირანის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ირანს ბრალად ედება მონრეალის 1999 წლის 28 მაისის კონვენციის პირობების დარღვევა. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ირანმა ვერ უზრუნველყო მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი საგამოძიებო და სასამართლო პროცესი, ისევე როგორც ვერ შეძლო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ზომების მიღება. 

2020 წლის 8 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოაგდო. შემთხვევას ყველა მგზავრი, 176 ადამიანი ემსხვერპლა. 

თეირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ ტრაგედიიდან მესამე დღეს აღიარა და ამ შემთხვევას "ადამიანური შეცდომა" უწოდეს. ირანის განცხადებაში ეწერა, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა.

უკრაინის ავიახაზების თქმით, ირანის რევოლუციურ გვარდიას თვითმფრინავი ჩამოგდებამდე არ გაუფრთხილებია. 

ირანის სამხედრო ძალების მიხედვით, შემთხვევა რადარებისა და თავდაცვის სისტემის ოპერატორის შეცდომის გამო მოხდა და მათ თვითმფრინავი თეირანისკენ დამიზნებული რაკეტა ეგონათ, აშშ-სთან არსებული დაძაბული სიტუაციის გამო. ამ ტრაგედიის წინ უძღოდა აშშ-ს მიერ ირანის გენერალი ყასემ სოლეიმანის მკვლელობა და საპასუხოდ ირანის მიერ აშშ-ს ერაყში მყოფ ბაზებზე თავდასხმა.

ირანის წარმომადგენლების თქმით, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით 10 ოფიციალურ პირს ბრალი 2021 წელს წაუყენეს.

აპრილში ირანმა უკრაინული ავიახაზების ჩამოგდებაში მონაწილეობისთვის შეიარაღებული ძალების 10 წევრს პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნო.

კომენტარები