თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

კანადის სასამართლომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ირანს კომპენსაცია დააკისრა

კანადის სასამართლომ ირანულ მხარეს 2020 წელს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთაგან 6 ადამიანის ოჯახებისთვის 84 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი 2020 წლის 8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოაგდეს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო. ირანის მთავრობაში თქვეს, რომ უნებლიე შეცდომა აშშ-ს ავანტიურიზმით გამოწვეული კრიზისის გამო მოხდა.

დაღუპულთა შორის იყო კანადის 55 მოქალაქე და 35 მუდმივი მცხოვრები. დაღუპულთა ნათესავებმა სამოქალაქო სარჩელი ირანის და ინციდენტზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შეიტანეს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება კომპენსაციის მიღება. მოსარჩლეთა ადვოკატის, მარკ არნოლდის თქმით, მისი გუნდი იმუშავებს, რათა მოხდეს კანადასა და სხვა ქვეყნებში ირანის ქონების კონფისკაცია.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა 2020 წელს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა ოჯახებმა კომპენსაციის შესახებ სასამართლო საქმე მოიგეს.

გასულ წელს კანადის მთავრობის ანგარიშმა თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის სრული პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა. ანგარიშის მიხედვით, ინციდენტი არაკომპეტენტურობისა და გაუფრთხილებლობის შედეგი იყო.

2021 წლის აპრილში ირანში უკრაინის ავიახიაზების თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის 10 ოფიციალურ პირს ბრალი წაუყენეს.

კომენტარები