ბაქო-თბილისი-ყარსი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დროებით დაიხურა

International Union of Railways

15 მაისის 00:00 საათიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დროებით დაიხურა. 

როგორც ტაბულას საქართველოს რკინიგზაში უთხრეს, ქართულმა მხარემ სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან ცნობა უკვე მიიღო. 

"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის, "მარაბდა კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე, მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის,"დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა.

მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა". - ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.

2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ 2017 წელს გახსნილ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში დამატებით 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდებოდა, ხოლო მისი გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდებოდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. 

საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი გახდა. 

კომენტარები