ბაქო-თბილისი-ყარსი

ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთზე პირველი სატესტო მატარებელი გაივლის

railway.ge

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე დღეს პირველი სატესტო მატარებელი გაივლის. ამ პროექტის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა შეხვედრაზე ისაუბრეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციისვე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

სატესტო მატარებლის გაშვების ცერემონიას აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი კარწახში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე. სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს, ევროპასა და აზიას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. პროექტის დასრულება 2015 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

კომენტარები