ევროკავშირი-ჩინეთი

ბორელი პეკინშია და ჩინეთთან ურთიერთობების მოგვარების "კონსტრუქციულ" გზებზე საუბრობს

ჯოზეფ ბორელი და ვანგ ი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 2023 წლის 13 ოქტომბერი
Pedro Pardo/Pool via REUTERS 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი პეკინშია. დღეს, 13 ოქტომბერს მან შეხვედრა გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობის "კონსტრუქციული და პასუხისმგებლობიანი გზით" მოგვარება სურს.

"ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა, ბალანსი და ურთიერთგაგება, რათა დავრჩეთ ისეთივე ღია, როგორიც ვართ და გვინდა ვიყოთ". - აღნიშნა ბორელმა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სწორედ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დისბალანსი, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული თითქმის სამჯერ გაუარესდა და რომელსაც ბრიუსელი ორმხრივი ურთიერთობების მთავარ პრობლემად მიიჩნევს.

ბორელთან გამართული მოლაპარაკებები შეაფასა ვანგმაც და მას "ყოვლისმომცველი, მეგობრული და გულწრფელი". მანვე აღნიშნა, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას ჩინეთი სერიოზულად აღიქვამს, თუმცა ბლოკს "პროტექციონიზმის" თავიდან არიდებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ინდუსტრიული ჯაჭვის სტაბილურობა და სამართლიანი კონკურენცია უნდა შევინარჩუნოთ". - აღნიშნა ვანგმა.

ბორელი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით 12 ოქტომბერს ჩავიდა. მანამდე ბორელის ვიზიტი ჩინეთში 2023 წლის დასაწყისიდან ორჯერ გადაიდო: აპრილში - ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის კორონავირუსით ინფიცირების, ხოლო ივლისში - მოულოდნელი, უცნობი მიზეზის გამო.

კომენტარები