რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სამხედრო დახმარებას აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კენჭს 20 აპრილს უყრიან

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი
Chip Somodevilla/Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს განაცხადა, რომ შაბათს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს კენჭისყრაზე გაიტანს.

$95-მილიარდიანი პაკეტი უკრაინის დასახმარებლად $60.84 მილიარდს, ისრაელისთვის $26.38 მილიარდს, ხოლო ჩინეთთან გასამკლავებლად $8.12 მილიარდს მოიცავს.

"მე 80-იანების შვილი ვარ. თავს რეიგანის რესპუბლიკელად მივიჩნევ. მე მესმის ის ცნება, რომ მშვიდობა სიძლიერით უნდა შეინარჩუნო". - განაცხადა CNN-თან ინტერვიუში რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა.

ჯონსონის წარდგენილი პაკეტის მიხედვით, უკრაინისთვის გამოყოფილი დაფინანსება "დახმარებისთვის სესხის სტრუქტურას, გაუმჯობესებულ სტრატეგიასა და ანგარიშვალდებულებას" შეიცავს.

მაიკ ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ დახმარების პაკეტის პარალელურად იგი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის რუსული გაყინული აქტივების გამოყენების კანონპროექტს წარადგენს.

ჯონსონის მიერ წარდგენილ დახმარების პაკეტს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა: "მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ პაკეტს, რათა გადამწყვეტი მნიშვნელობის დახმარება უკრაინასა და ისრაელში ჩავიდეს, საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში პალესტინელებს მიეწოდოს და ინდო-წყნარ ოკეანეში უსაფრთხოება და სტაბილურობა გავაძლიეროთ". - თქვა ბაიდენმა განცხადებაში.

ბაიდენის თქმით, "წარმომადგენელთა პალატამ პაკეტი ამ კვირაში აუცილებლად უნდა მიიღოს და სენატიც მალევე უნდა მიჰყვეს. მე ამას მყისიერად მოვაწერ ხელს, რათა მსოფლიოს ვაცნობოთ: ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვდგავართ, და ირანს ან ჩინეთს წარმატების საშუალებას არ მივცემთ".

აქამდე, მაიკ ჯონსონი ამბობდა, რომ კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს.

იგი ამ პოზიციას იმით ხსნიდა, რომ კანონპროექტი აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხს არ მოიცავდა, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

თუმცა 16 აპრილს ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტებს ამ კვირაში ერთმანეთისგან განცალკევებით განიხილავენ. ხოლო $95-მილიარდიან კანონპროექტში აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების საკითხი განხილული არ იქნება.

ჯონსონის თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ერთდროულად განიხილავენ ერთმანეთისგან განცალკევებულ 4 კანონპროექტს, რომლებიც ისრაელი-უკრაინის გარდა ტაივანისა და აშშ-ს ინდო-წყნარი ოკეანეთის მოკავშირეების დახმარებას, ასევე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებსაც მოიცავს.

კომენტარები