ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააპელაციო სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი და მისი მოადგილე გაამართლა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა ბრიფინგი გამართა. ჩილინგარაშვილის თქმით, ადიგენის ყოფილი გამგებელი და მისი მოადგილე თვითმმართველობის არჩევნების წინ უკანონოდ დააკავეს და ბრალი წაუყენეს. მისივე განცხადებით, გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სიმონ პარუნაშვილისა და რატი ტატალაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

"წელიწად-ნახევრის წინ ამ ორი და კიდევ ერთი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც დღევანდელ პრესკონფერენციას ვერ ესწრება, დაიწყო პოლიტიკური დევნა. ჩვენ მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვამბობდით, რომ არის აბსურდული ბრალდებები და მათი ბრალეულობის დამტკიცებას ვერავინ შეძლებდა. მიუხედავად ამისა, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გივი ლონდარიძემ ვერ გაუძლო ზეწოლას და ამ ორ ადამიანს მისცა შემდეგი სახის სასჯელი, უფლებამოსილების გადამეტება, როგორც ყოველთვის, შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს წაუყენო და მიუსაჯა 3000-ლარიანი გირაო, პლუს ერთი წელი არ უნდა დაიკავონ თანამდებობა.

ეს გაკეთდა იმისთვის, რომ გასულ წელს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ადიგენის მუნიციპალიტეტი იყო ერთადერთი მთელ საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებდა და მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული გამგებელი და საკრებულო. ამიტომ, ფაქტობრივად, ვერაფრით რომ ვერ შეძლეს ამ ადამიანებისთვის დაეწერინებინათ განცხადება ან ვერ შეძლეს ის, რომ ადიგენის რაიონში ის ხალხი აეყოლიებინათ, უბრალო მაცხოვრებლები, როგორც სხვა რეგიონებში და რაიონებში მოხდა და შევარდნით გამოეყვანათ ესენი გარეთ. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ პოლიციის და სასამართლოს ძალით მომხდარიყო ამ ადამიანების მოხსნა და ასეც მოხდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ზემოთ ნახსენები განაჩენი გამოიტანა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვწყვეტდით ბრძოლას და გუშინ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქალბატონ მარიამ ფხოლუაშვილის თავმჯდომარეობით გამოიტანა ის გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვამტკიცებდით. ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები და რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ მოითხოვონ კომპენსაცია, მოითხოვონ ის 9-თვიანი სახელფასო ანაზღაურება, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. აღდგენით მათი აღდგენა ვეღარ მოხერხდება, რადგან იმ შუალედში ჩატარდა არჩევნები და შესაბამისად მათი აღდგენა შეუძლებელია. მაგრამ სასამართლომ ისინი 100%-ით გაამართლა. ეს ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვამბობდით - ჩვენს მიმართ მიმდინარეობდა პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ჩილინგარაშვილმა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა ყოფილმა გამგებელმა სიმონ პარუნაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ ის გაჩერებას არ აპირებს და იბრძოლებს იმ ადამიანების დასაჯელად, ვინც მისი და მისი თანამებრძოლების მიმართ უსამართლო განაჩენი გამოიტანა.

"2013 წლის 27 აგვისტოს სრულიად უკანონოდ დამაკავეს აბსურდული ბრალდებით. ჩვენ მაშინვე აღვნიშნეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან როგორც ბატონმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა აღნიშნა, მე ვიყავი საქართველოში ერთადერთი გამგებელი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიიდან. ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბევრი ბრძოლა გავიარეთ, ახალციხის სასამართლომ გამოიტანა სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, ალბათ დიდი ზეწოლის გამო.

გუშინ თბილისის სააპელაციო სასმართლოში გვქონდა სასამართლო და მინდა, ქალბატონ მოსამართლეს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გამოგვიტანა სრულიად გამამართლებელი განაჩენი, მოგვიხსნა ის შეზღუდვები, რაც დაგვიწესა ახალციხის სასამართლომ. საჯარო სამსახურში გვქონდა ერთი წლის შეზღუდვა და მოსამართლემ ასევე უფლება მოგცა, მოვითხოვოთ ჩვენი კუთვნილი ანაზღაურება.

ჩვენ არ გვაჩერდებით, რადგან ჩემი ავტორიტეტი ძალიან შეილახა ჩემს რაიონში, თვითმმართველობის არჩევნებში მე ვიყავი გამგებლობის კანდიდატი და ამან ჩემს საარჩევნო კამპანიაზე ძალიან იმოქმედა. რა თქმა უნდა, ჩვენ შევიტანთ სარჩელს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ჩვენს მიმართ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო", - თქვა პარუნაშვილმა.

კომენტარები