აშშ რესპუბლიკელები

რიჩარდ ლუგარი სენატს ემშვიდობება

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრი რიჩარდ ლუგარი სენატორებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 36-წლიანი სტაჟის მქონე სენატორი ინდიანას შტატში ჩატარებულ პარტიულ პრაიმერიზში ნაკლებად ცნობილ კანდიდატთან - რიჩარდ მორდოკთან დამარცხდა. 

80 წლის ლუგარი მნიშვნელოვანი ფიგურაა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში. იგი წლებია სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოღვაწეობს. 1985-87 და 2003-07 წლებში კი ორგზის თავმჯდომარეობდა აღნიშნულ კომიტეტს.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯონ კერიმ, ლუგარის დამარცხებას სენატისთვის "ტრაგედია" უწოდა.

8 მაისს პარტიულ პრაიმერიზში რიჩარდ მორდოკმა გაიმარჯვა. იგი ინდიანას შტატის ხაზინადარია. მორდოკს ჩაის წვეულების ადგილობრივი შტო უჭერდა მხარს. მან მოახერხა რესპუბლიკელების დარწმუნება იმაში, რომ ხანში შესული ლუგარი ვეღარ ფლობს სიტუაციას და არაა საკმარისად კონსერვატორი.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, მორდოკმა პრაიმერიზი ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მოიგო, როდესაც სატელევიზიო დებატებში სენატორს დაუპირისპირდა. "იგი უკეთ აყალიბებდა აზრს, უფრო მკვეთრი იყო და ლუგარის სფეროშიც - საგარეო ურთიერთობების საკითხებში - ისე შეიჭრა, რომ შეცდომები არ დაუშვია," - აღნიშნავს The Daily Beast.  

რიჩარდ მორდოკი 2012 წლის სენატის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჯო დონელის დაუპირისპირდება.

კომენტარები