კონტროლის პალატა

კონტროლის პალატამ პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა

საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

უწყების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 44 ათას ლარამდე შემოწირულობა მიიღო. პარტიას ფიზიკურმა პირმა ნოდარ ხადურმა, 31 მაისს 11 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა. იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძისგან 10 ათას ლარზე მეტი მიიღო.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივმა მოძრაობა ქართულმა ოცნებამ მითითებული პერიოდის განმავლობაში 493 ათას ლარამდე შემოწირულობა მიიღო. საზოგადოებრივ მოძრაობას 236 შემომწირველი ჰყავს. მათგან უმსხვილესია კარლო კალაძე და ნოე ქინქლაძე, რომლებმაც მაქსიმალური თანხა – 60-60 ათასი ლარი გაიღო. მეორე ირაკლი სესიაშვილია, რომელმაც საზოგადოებრივი მოძრაობის სასარგებლოდ 23 ათას ლარამდე გადარიცხა.

2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი მილიონ შვიდასი ათას ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულობა მიიღო. პარტიის სასარგებლოდ თანხა 75-მა პირმა გადარიცხა. მათ შორის, მაქსიმალური შემოწირულობა 60 ათასი – რამდენიმემ.

კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქდმ-მ 50 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. შემომწირველებს შორის მაქსიმალური თანხა – 20 ათასი ლარის ოდენობით პარტიისთვის მისივე ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ გაიღო.

ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ 12 ათას ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო. პარტიას მხოლოდ ორი შემომწირველი ჰყავს. დემოკრატიულ მოძრაობას კი 54 ათას ლარზე მეტი გადაურიცხეს.

 

კომენტარები