რობაქიძის საქმე

კოჟორიძე: ვიდეომასალა რობაქიძის საქმეზე არსებულ ვერცერთ კითხვას პასუხს ვერ სცემს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებით, ირაკლი ფირცხალავას მიერ ამირან რობაქიძის მკვლელობის საქმეზე  გავრცელებული ვიდეომასალა   არსებულ ვერცერთ ძირითად კითხვას პასუხს ვერ სცემს. კოჟორიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში საუბრისას განაცხადა.
"ვერცერთ ძირითად კითხვაზე ეს ვიდეომასალა პასუხს ვერ სცემს. ძირითადი კითხვები კი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, სამია - რატომ მოკლეს ამირან რობაქიძე, ჩაუდეს თუ არა იარაღი და იყო თუ არა ყაჩაღების ბანდა? მეტიც, ახალი კადრები შეიძლება რიგ შემთხვევაში კიდევ უფრო ამძაფრებს იმ კითხვის ნიშნებს, რომელიც ამ საქმეზე წლების განმავლობაში არსებობს", - აღნიშნა კოჟორიძემ და დასძინა, რომ აღნიშნულთან ერთად, ახალი ვიდეომასალით "იმ ამბავს, რომ ბუტა რობაქიძის მიმართ პოლიციელის გასროლა გამართლებული იყო, დადებითი პასუხი არ გაეცა".
გარდა ამისა, კოჟორიძემ გააკრიტიკა ტელეკომპანიების მიერ ვიდეომასალაში სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი ახალგაზრდების სახეების დაუფარავად ჩვენება და მას კანონდარღვევა უწოდა.

კომენტარები