რობაქიძის საქმე

ხიდაშელი: რობაქიძის საქმეზე ბევრი სხვა ჩვენებაც გახდება ცნობილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთი-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა მაესტროს ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში სტუმრობისას ამირან რობაქიძის საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზურაბ მიქაძის ჩვენება, სადაც ის მასზე ზემოთ მყოფ პირებზე გადის.

"ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და უფლება, თუმცა ძალიან მალე საზოგადოებისთვის ბევრი სხვა ჩვენებაც გახდება ცნობილი, რომელიც დეტალურად აღწერს იმ ღამის ამბებს", - აღნიშნა ხიდაშელმა. 

მისი თქმით, ეს ჩვენებები უტყუარი მტკიცებულებებით არის გამყარებული.

"დღეს ძალიან დავიწროვდა ეს ამბავი, ბოლოსკენ მიდის გამოძიება. გიდასტურებთ, რომ კიდევ ბევრი ჩვენება არსებობს და ჩვენებებია ისეთი, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებს ყველაფერს. როდესაც ძალიან დავიწროვდა ეს გარემო სწორედ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელი, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილიყო, ამიტომ გაჩნდა დღეს ეს ვიდეომასალა. ამიტომ ცდილობენ, რომ შექმნან ახალი ზღაპარი", - განაცხადა ხიდაშელმა. 
რაც შეეხება ამირან რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ კადრებს, ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ეს ფაბრიკაციაა.
"დღეს, ერთადერთი ემოცია მქონდა მთელი დღე, როდესაც ვუყურებდი, რომ დღეს მეორედ მოკლეს ბუტა იმავე ადამიანებმა, ვინც ეს გააკეთა 2004 წელს. ის, რაც ჩვენ ვნახეთ ტელევიზიით, არის გაგრძელება, დადასტურება კიდევ ერთხელ იმის, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე. კიდევ ერთხელ შემოგვაჩეჩეს არარსებული რეალობა, რომელიც თურმე უნდა დავიჯეროთ. მაგრამ, მთავარი აქ არის ის, რომ ეს ფილმი გვაყურებინა იმავე კაცმა, რომელმაც თავის დროზე სხვა ფილმი გვაყურებინა - "ნოემბრიდან ნოემბრამდე", - განაცხადა გუშინ ხიდაშელმა. 

კომენტარები