რობაქიძის საქმე

პროკურატურა: რობაქიძის საქმეზე გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამირან რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა დამონტაჟებულია. მასალა 2013 წლის 19 თებერვალს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა.

 საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნის მიხედვით, ვიდეო დამონტაჟებულია და ის ასლია, თუ ჩანაწერის ორიგინალი, შეუძლებელია ექსპერტიზის საშუალებით პასუხის გაცემა. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ წარმოდგენილი ვიდეომასალა იწყება, მიმდინარეობს და მთავრდება ალოგიკურად.

 გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამაში ვიზუალური გამოკვლევისას რიგ ადგილებში ფიქსირდება მცირეხნიანი შეყოვნებები, ხარვეზები, კადრის, გამოსახულების უცაბედი გაუმართლებელი ცვლილებები და ა.შ., რაც მიანიშნებს იმას, რომ ვიდეოჩანაწერილი წარმოადგენს მონტაჟს.

 პროკურატურის ცნობით, გამოძიება დამატებით გაასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს.

 როგორც ირაკლი ფირცხალავამ განუცხადა ინტერპრესნიუსს, ვიდეოში არის დაახლოებით ხუთი-ექვსი წყვეტა, მაგრამ სამი წუთი და ორმოცი წამი არის უწყვეტი კადრი და ”რეალურად ასახავს შემთხვევის ადგილს”, რის შემდეგაც არის წყვეტები.

 

კომენტარები