გოგა ძველაიას საქმე

ომბუდსმენი პრეზიდენტს გასულ წლებში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობას ახსენებს

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველი დღეს, 18 ოქტომბერს, გამოეხმაურა 2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის სახალხო დამცველს მოუწოდებდა, შეისწავლოს მსჯავრდებულ გოგა ძველაიას დაღუპვის კონკრეტული გარემოებები, რათა არცერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

"2010-2011 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში 142 და 140 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 2012 წელს - 67 პატიმარი. ცხადია, ძნელია თითეული ოჯახის ტრაგედია და ტკივილი ციფრებში გადმოსცე, მაგრამ საზოგადოებას არ ახსოვს გასულ წლებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი პირების მოწოდებები კონკრეტული სიკვდილობის ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე. გასულ წლებში ქვეყნის პირველი პირი რომ დაინტერესებულიყო ზემოაღნიშნული სტატისტიკით და ეზრუნა სიტუაციის გაუმჯობესებაზე, შესაძლოა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარება გამოსწორებულიყო, არ მომხდარიყო ის საშინელი წამების ფაქტები, რომელთა გამოც დღეს 12 პირი პასუხისგებაშია მიცემული და სასჯელს იხდის, მრავალი პატიმრისათვის აღმოეჩინათ დროული სამედიცინო დახმარება და მინიმუმამდე დაეყვანათ სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდილობის მაჩვენებელი", - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმარ გოგა ძველაიას გარდაცვალების ფაქტის შესწავლა ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან, 2013 წლის 8 ოქტომბრიდან დაიწყო. იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებდონენ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დაწესებულებაში არსებული ყველა ტიპის დოკუმენტაცია. ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება. საქმის შესასწავლად, მნიშვნელოვანია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნა, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული.

"გიორგი ძველაიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს დროულად და ეფექტურად. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გამოძიების დამოუკიდებლობისათვის საქმე პროკურტატურამ უნდა გამოიძიოს.

სახალხო დამცველი ყურადღებით დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს, დასრულებისთანავე გაეცნობა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას და გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

ცხადია, თითოეული პატიმრის გარდაცვალება, მით უმეტეს არასრულწლოვნის, ტრაგედიაა, სახელმწიფოს მართებს ვალდებულება, დაიცვას მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება სასჯელაღსრულების სისტემაში. სახალხო დამცველი და მისი აპარატი არცერთ ასეთ ფაქტს არ ტოვებს უყურადღებოდ და საკუთარი მანდატის ფარგლებში ახორციელებს ასეთი ფაქტების შესწავლას, რათა არცერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი და თითოეულ ამგვარ ფაქტზე დადგინდეს ჭეშმარიტება", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ქუთაისის N2 საპყრობილეში სენაკელი გოგა ძველაია 8 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, 16 წლის პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი ქურდობის ბრალდებით, მეორედ დააკავეს. 16 წლის ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს და ის თანხის გადახდის შემდეგ უნდა გაეთავისუფლებინათ. ძველაია საპატიმროში ერთი დღის მიყვანილი იყო. ოჯახმა ეჭვი შეიტანა ძველაიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიაში. ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა დამოუკიდებელი ექსპერტიზის პასუხი.

კომენტარები