გოგა ძველაიას საქმე

სუბარი: ძველაიას ოჯახს ვიდეოჩანაწერის ნახვის საშუალება ექნება

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ქუთაისის N2 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას ოჯახის წევრებს ჰპირდება, რომ მათ ვიდეოჩანაწერის ნახვის საშუალება ექნებათ. 

მინისტრის განაცხადებით, ვიდეოჩანაწერები ამოღებულია და ამ წუთებში გამოძიებას აქვს. "რაც ოჯახის ინტერესის საგანი იქნება, მათ ექნებათ საშუალება, ნახონ. მაქსიმალურად მინდა, კანონის ფარგლებში ყველამ ყველაფერი ნახოს, რადგან რაიმე ეჭვი არ დარჩეს. როცა ამას ვამბობ, არ ვგულისხმობ იმას, რომ დანაშაული არ მომხდარა. პირიქით, თუ დანაშაულია მოხდა გამოძიება უნდა ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ თუ დანაშაულის ნიშნები არ არის, ამაშიც საზოგადოება მაქსიმალურად უნდა დარწმუნდეს " - აღნიშნა სუბარმა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი ციხეში ექსპერტის შეშვებასა და იმ ადგილის შესწავლასა და დათვალიერებას ითხოვენ, სადაც პატიმარი გარდაიცვალა. გოგა ძველაიას ოჯახი ასევე ფირების ნახვასა და იმის გარკვევას ითხოვს, არის თუ არა ფირი ნამდვილი და ხომ არ არის ის დამონტაჟებული.

ქუთაისის N2 საპყრობილეში სენაკელი გოგა ძველაია 8 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, 16 წლის პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი ქურდობის ბრალდებით, მეორედ დააკავეს. 16 წლის ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს და ის თანხის გადახდის შემდეგ უნდა გაეთავისუფლებინათ. ძველაია საპატიმროში ერთი დღის მიყვანილი იყო

კომენტარები