გოგა ძველაიას საქმე

საია-ს წარმომადგენელი: ძველაიას საქმის ვიდეომასალაში საეჭვო არაფერია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, მაია ხუციშვილის თქმით, 16 წლის გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას პატიმრობის პერიოდის ამსახველი ვიდეომასალიდან საეჭვო გარემოებები არ იკვეთება. მან ასევე აღნიშნა, რომ მასალა სრულად ვერ ნახეს, რადგან მოცულობითია და 128 საათია. საიას წარმომადგენელი ძველაიას მამასთან, ადვოკატთან და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ფირების ძირითადი ფრაგმენტების ჩვენებას ესწრებოდა.

"თუმცა, რაც ვნახეთ, იმ მასალებში საეჭვოს ვერაფერს ვხედავ. მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვისაც და ჩვენთვისაც, რომ ამ მასალებიდან რაც ვნახეთ, საეჭვო არაფერი იკვეთება. როგორც აგვიხსნეს 5 დისკია, რომელიც 128 საათს წარმოადგენს", - თქვა ხუციშვილმა. 

მაია ხუციშვილის თქმით, გარდაცვლილის მამამ, დავით ძველაიამ ჩვენების პროცესი დატოვა და თქვა, რომ კადრებში მისი შვილი არ არის ასახული. ხუციშვილი ფიქრობს, რომ გამოძიება, სავარაუდოდ, ფირზე აღბეჭდილი პირის იდენტიფიცირების საკითხით დაინტერესდება.

"გოგა ძველაიას ბიძებმა განაცხადეს, რომ 16 წლის განმავლობაში გარდაცვლილი ორჯერ ჰყავდათ ნანახი და ისინი არ იყვნენ ჩამოყალიბებული, იყო თუ არა კადრებში ნანახი პირი გოგა ძველაია. რაღაც მომენტში თქვეს, რომ ის იყო, რაღაც მომენტში კი ეს უარყვეს. საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. მე რაც ვნახე, საეჭვო არაფერია. საეჭვო არის ის, მოახდინეს თუ არა ბავშვზე ზეწოლა. კადრებში ასახულია, რომ შეიყვანეს ბრალდებული და გამოიტანეს ცხედარი", - თქვა ხუციშვილმა. 

გოგა ძველაიას ოჯახის ადვოკატის ლედი დუკვაძის თქმით კი, "ფირებზე საეჭვო ვერაფერი ვნახე, მაგრამ აუცილებელად მივიჩნევ ამ ფირებზე ექსპერტზის ჩატარებას". მისი თქმით, დაზარალებული მხარის საბოლოო პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი მამასთან, დავით ძველაიასთან, ისაუბრებს.

კომენტარები