საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

ფანჯიკიძე: ველით, რომ ჩვენი პროგრესი სათანადოდ შეფასდება NATO-ს სამიტზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ქართულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნის პროგრესი NATO-ს მომავალ სამიტზე სათანადოდ შეფასდება. როგორც ფანჯიკიძემ ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საქართველო ნათლად აჩვენებს იმ პროგრესს, რომელიც ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება.

"დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-Nato-ს თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივაზე. კოლეგებმა აღნიშნეს საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ საქართველო ნათლად აჩვენებს იმ პროგრესს, რაც NATO-ს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ შეფასდება NATO-ს მომავალ სამიტზე უელსში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში წუხელ ჩამოვიდნენ. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ლორან ფაბიუსი ქართველ კოლეგას, ასევე, პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდნენ.

კომენტარები