საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

ფანჯიკიძე: გერმანია და საფრანგეთი ევროპაში ჩვენს ინტეგრაციას ხელს შეუწყობენ

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ სწორედ გერმანია და საფრანგეთი შეუწყობენ ხელს ქმედითად საქართველოს ევროპულ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას. როგორც ფანჯიკიძემ ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას. ამასთან, ფანჯიკიძის განცხადებით, მან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის მზაობა.

"ჩვენთვის დიდი პატივია საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მასპინძლობა. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინა პერიოდში ამგვარ სტუმრობას სპეციფიკური დატვრითვა აქვს. ამ ერთობლივ ვიზიტს ჩვენ მივიჩნევთ როგორც საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერისა და მისდამი სოლიდარობის ნათელ დემონსტრირებად. გერმანიამ და საფრანგეთმა თავის დროზე გადადგეს ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის პროექტის განსახორციელებლად. ეს პროექტი ჯერ არ დასრულებულა. მიგვაჩნია, რომ სწორედ გერმანია და საფრანგეთი კვლავაც გააგრძელებენ ამ ისტორიული მისიის განხორციელებას და ქმედითად შეუწყობენ ხელს საქართველოს ევროპულ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას. საქართველოს, გერმანიასა და საფრანგეთს მეგობრობისა და თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ", - აღნიშნა ფანჯიკიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

"განსაკუთრებით ვაფასებთ გერმანიისა და საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში", - განაცხადა საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში წუხელ ჩამოვიდნენ. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ლორან ფაბიუსი ქართველ კოლეგას, ასევე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდნენ.

კომენტარები