თავდასხმა ზურაბ ჭიაბერაშვილზე

ვოლსკი: ქვეყანა იმ მოსავალს იმკის, რომელიც წლების განმავლობაში ითესებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ქართულ ოცნებასთან დაკავშირება მიუღებელია. დეპუტატის შეფასებით, "ახლა ქვეყანა იმ მოსავალს იმკის, რომელიც წლების განმავლობაში ითესებოდა".

"ვერ მივიღებთ შენიშვნას იმის თაობაზე, რომ მომხდარი ქართულ ოცნებას უკავშირდება და თითქოს მომდინარეობს დაუსჯელობის სინდრომისგან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ქუჩაში ანგარიშსწორების, ცემის, ძალადობის კულტივირებას ახდენდა და ახლა სახელმწიფოს ამ პრობლემასთან ბრძოლა უწევს. ვისურვებდი, რომ ეს ბრძოლა უფრო მკაცრი იყოს. საზოგადოების ყველა წევრს მივმართავ, რომ ასეთი ქმედებები სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. მაგრამ ყველაფრის პოლიტიკასთან დაკავშირება და პოლიტიკური სპეკულაციები, მიუღებელია", - უთხრა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) და რეჟისორი გიორგი მგელაძე დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 120-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. 

კომენტარები