თავდასხმა ზურაბ ჭიაბერაშვილზე

მელია: რა საჭიროა სახელმწიფო, თუ შუაგულ თბილისში ასეთი რამ ხდება?

ნიკა მელია
epn.ge

"რა საჭიროა სახელმწიფო და რაში გვჭირდება არჩევნები, თუ შუაგულ თბილისში ასეთი რამ ხდება?" - ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე განხორციელებულ თავდასხმას.

"როდესაც შენ გინდა დედაქალაქის მერობა, შენ არ გაქვს იმის უფლება, მკვეთრად ასოცირდებოდე მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან. მთავარია, დედაქალაქის მერი ტოვებდეს განცდას, რომ ის ყველას მერია. ძალიან მიკვირს ხოლმე, რომ ზოგიერთი ჩემი კონკურენტი მერობის კანდიდატისგან ამგვარ რიტორიკას ვისმენ - ამას სიკვდილი, იმას - ჩამოხრჩობა. თუ ამის კეთება გინდა, ამისათვის დედაქალაქის მერობა არ არის საჭირო. ძალიან სამწუხაროა ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ თბილისში. ეს ის არის, რითაც ყველა დაიღალა. მე 34 წლის ვარ და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ მოვლენებს ვაკვირდები 90-იანი წლებიდან მომდინარე და მახსოვს კარგად, რომ მოსახლეობის 50% გაეკიდა მეორე 50%-ს ავტომატით ხელში და ძალიან ბევრს ეგონა დიდხანს, რომ ეს სწორი იყო. მაგრამ დრომ ხომ აჩვენა, რომ ეს არის უდიდესი შეცდომა. ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი, გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საქმეზე. მაშინ რა საჭიროა სახელმწიფო და რაში გვჭირდება არჩევნები, თუ შუაგულ თბილისში ასეთი რამ ხდება. გვითხრას დღევანდელმა ხელისუფლებამ, ორად, სამად გავიყოთ და ვინც მოერევით, ის იყოს გამარჯვებული", - განაცხადა მელიამ გადაცემა არჩევანში.

ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) და რეჟისორი გიორგი მგელაძე დაესხნენ თავს. ჭიაბერაშვილს თავი გაუტეხეს, ხოლო ლადარიას - ცხელი ჩაი შეასხეს სახეში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 120-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომენტარები