თავისუფალი დემოკრატების ყრილობა

უსუფაშვილი: თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები პარტნიორებად ვრჩებით

Jamestown.org

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია ვრჩებით პარტნიორებად - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, ის თავისუფალ დემოკრატებს თანამოაზრეებად მიიჩნევს და პარლამენტში ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებაში თითქმის დარწმუნებულია.

„მე მგონი გარანტირებულია, რომ პარლამენტში იმავე წარმატებით და შემართებით გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას“ - განაცხადა უსუფაშვილმა.  

უსუფაშვილის თქმით, ყველა სპეკულაციას მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს.

„ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ პარტნიორებად, მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმე დღის წინ ჩვენი გზები გაიყარა“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ ნაციონალური მოძრაობა ერთად დაამარცხეს და სათავე ერთად დაუდეს  ჭეშმარიტ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში სრულიად მსოფლიო და საქართველოს მოქალაქეები დარწმუნდებიან, რომ ის არჩევანი რაც თქვენ გააკეთეთ ეს არ არის არჩევანი პარტიის სასარგებლოდ, ეს არის თქვენი ხედვა სახელმწიფოს სასარგებლოდ“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა თავისუფალ დემოკრატებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მომავალი საქმიანობა მიმართული იქნება ქვეყნის საკეთილდღეოდ და მე ამაში წარმატებებს გისურვებთ“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები