FIFA-ს არჩევნები

FIFA პრეზიდენტს კორუფციული სკანდალის ფონზე ირჩევს

ზეფ ბლატერი/ალი ბინ ალ ჰუსეინი
PA

FIFA-ს 209 დელეგატმა დღეს კორუფციული სკანდალის ფონზე ორგანიზაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. მოქმედი პრეზიდეტი ზეფ ბლატერი თავის კანდიდატურას ამ არჩევნებზე უკვე მეხუთედ წარადგენს იმის მიუხედავად, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით, შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა ორგანიზაციის შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს. ბლატერი კორუფციასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ FIFA-ში წესრიგის დამყარებას თავად აპირებს.

თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა წამოაყენა. მის კანდიდატურას ევროპის ქვეყნების უმრავლესობა უჭერს მხარს.

UEFA-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ბლატერს გადადგომა მოსთხოვა და განაცხადა, რომ ხმას ალ ჰუსეინს მისცემს. მისი თქმით, FIFA-ში ცვლილებების ერთადერთი საშუალება მისი პრეზიდენტის შეცვლაა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ გამოძალვის, მექრთამეობის და თანხების ლეგალიზაციის ბრალდება FIFA-ს 14 მაღალჩინოსანს წაუყენა. პარალელურად, შვეიცარია რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მინიჭებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებას იძიებს. FIFA-ს სკანდალმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღაშფოთა, რომელმაც აშშ FIFA-ს საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

კომენტარები