აფეთქებები ანკარაში

საგარეო უწყება: საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს და ძალადობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 95 ადამიანი, ხოლო ორასზე მეტი დაშავდა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უთანაგრძნობს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის ხელისუფლებასა და ხალხს. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, ასევე ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანებულ ძალისხმევას ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში" - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

ორი აფეთქება გუშინ ანკარაში, მატარებლის ცენტრალურ სადგურთან ახლოს მოხდა. მომხდარი ტერაქტის გამო, თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომ ტერაქტი ანკარაში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დავუთოღლუმ მსოფლიო თანამეგობრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. 

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მშვიდობიან აქციაზე ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა, 245 კი, დაშავდა. მათგან 48 - მძიმე მდგომარეობაშია. მშვიდობიან მარშზე სამხრეთ თურქეთში სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლებს შორის კონფლიქტს აპროტესტებდნენ. 

კომენტარები