აფეთქებები ანკარაში

ენმ: ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის სახელმწიფოს. ვუსამძიმრებთ იმ ათეულობით გარდაცვლილის ოჯახს, რომლებიც მომხდარ ტერაქტს სრულიად უდანაშაულოდ შეეწირნენ. ტერორიზმი ესაა უდიდესი საფრთხე, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს" - აცხადებს ენმ.

ორი აფეთქება გუშინ ანკარაში, მატარებლის ცენტრალურ სადგურთან ახლოს მოხდა. მომხდარი ტერაქტის გამო, თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომ ტერაქტი ანკარაში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დავუთოღლუმ მსოფლიო თანამეგობრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. 

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მშვიდობიან აქციაზე ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა, 245 კი, დაშავდა. მათგან 48 - მძიმე მდგომარეობაშია. მშვიდობიან მარშზე სამხრეთ თურქეთში სახელმწიფოსა და ქურთ მებრძოლებს შორის კონფლიქტს აპროტესტებდნენ. 

კომენტარები