სპეცუბნები

პრემიერი: საარჩევნო სპეცუბნებს ვაუქმებთ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

საქართველოს მთავრობა

"საარჩევნო სპეცუბნებს ჩვენ ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგში უკვე ატვირთულია.

არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესში მაღალი ჩართულობა. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის მოსაზრებებზე ერთობლივი მსჯელობისთვის მზად არის.

"ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა იყოს გაცილებით უფრო მაღალი, გვინდა დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში, რათა ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელს მსოფლიოში, რომ შეგვიძლია, ერთმანეთთან ცივილიზებულად ვისაუბროთ და არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და ჩავატაროთ მართლაც სამაგალითო არჩევნები", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველო იმყოფება ევროკავშირთან ასოცირების პროცესში და ბოლო პერიოდში, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

"ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ ერთმანეთის მოვისმინოთ. რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რაღაც შეიძლება - არა, მაგრამ მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გარდაბანში სპეცუბნების გაუქმება მოითხოვეს. მათი შეფასებით სამხედროების და სხვა მოქალაქეების საარჩევნო უფლება უნდა გათანაბრდეს. ამის შემდეგ, სპეცუბნების გაუქმების თხოვნით თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც მიმართა.

კომენტარები