სპეცუბნები

საია ხიდაშელს: არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმების მცდელობა მიუღებელია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანი იმიჯის შელახვას ცდილობს. საია აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმების მცდელობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია. ორგანიზაცია ხიდაშელის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციებს ე.წ სპეცუბნებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. ხიდაშელმა NGO-ებს და განსაკუთრებით საიას, "მეტი პროფესიონალიზმისკენ" და "ორგანიზაციის პატივისცემისკენ" მოუწოდა.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2016 წლის 14 იანვარს წერილობით მივმართეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამ უწყებას და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. ამ დრომდე პასუხი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე არ მიგვიღია, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, წარმოადგენს უარს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ არგუმენტებზე დაფუძნებული პასუხის ნაცვლად, თუ რატომ არ ხდება სამხედრო მოსამსახურეების ხმის მიცემის წესის არსებითი ცვლილება და რატომ რჩება სამხედრო მოსამსახურეების ხმებით შესაძლო მანიპულაციის რისკები, ან ჩვენი პოზიციის საგნობრივად გაბათილების ნაცვლად, მინისტრი ცდილობს, შელახოს ამ ორგანიზაციებისა და მისი წარმომადგენლების საქმიანი იმიჯი. მიგვაჩნია, რომ ასეთი განცხადებები შეუთავსებელია და ვერ შეუწყობს ხელს პრემიერმინისტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორულ და კონსტრუქციულ ურთიერთობების ორი დღის წინ დეკლარირებულ პოლიტიკას" - წერს საია და აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან პირველი არ არის. 

"სამწუხაროა, რომ საპირწონე არგუმენტების არარსებობის პირობებში, ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების შეურაცხყოფასა და მათი საქმიანი ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ. განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა ამას არასამთავრობო სექტორის ყოფილი წარმომადგენლები აკეთებენ. მიგვაჩნია, რომ პროფესიონალიზმი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უპირველესად კეთილსინდისიერებას მოითხოვს და კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე ღიად საუბარს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, გავმართოთ ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელთან თუ უწყებასთან საგნობრივი დისკუსია, მაგრამ მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციის გაჩუმების მცდელობა, რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს" - ნათქვამია საიას განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თქვა, რომ "არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემთან ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელ პირთან არ მოუმართავს კითხვით იმ ამბების შესახებ, რაზეც დღეს ისინი კითხვებს სვამენ. ამიტომ, ცოტა მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმი არის ჩემი თხოვნა ამ ადამიანების მიმართ. მე, ადამიანს, რომელიც 20 წელი ამ სეგმენტის ნაწილი ვიყავი, მაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ მოვთხოვო, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სადაც მე ვმუშაობდი 20 წლის განმავლობაში, რომ ცოტა მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდონ საქმეს იმიტომ, რომ ჩემთვის არის უძვირფასესი იმ ორგანიზაციის სახელი, უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი და ყველას მინდა საჯაროდ მივმართო, ისინი ჩემი გაზრდილი ბავშვები არიან, ცოტა მეტი პატივი სცენ იმ ორგანიზაციას, რომელშიც მუშაობენ".

თინა ხიდაშელს დღეს უკვე უპასუხა ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრმა NGO-ების მიმართ მეტი კორექტულობა უნდა გამოიჩინოს.

კომენტარები